ბულგარეთი აცხადებს, რომ მან სრულად გადაიხადა აპრილის თვის მიწოდების საფასური და „გაზპრომი“ კონტრაქტის დარღვევაში დაადანაშაულა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC აქვეყნებს.
„ამჟამად, ბუნებრივი აირი უფრო მეტად გამოიყენება როგორც პოლიტიკურ და ეკონომიკურ იარაღად მიმდინარე ომში“, – განაცხადა ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნიკოლოვმა. მანვე დასძინა, რომ ბულგარეთი იზიარებს ევროკავშირის პოზიციას, რომლის მიხედვითაც ქვეყნები არ უნდა დაემორჩილონ რუსეთის მოთხოვნებს გაზის რუბლში გადახდასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, დღეიდან რუსეთი პოლონეთს და ბულგარეთს გაზის მიწოდებას უწყვეტს. რუსული „გაზპრომი“ ბუნებრივი აირის შეჩერებას გასულ თვეში გამოცხადებული ახალი წესებით ამართლებს, რაც იმას გულისხმობს, რომ „არამეგობრულმა“ ქვეყნებმა გაზის საფასური რუბლებში უნდა გადაიხადონ. პოლონეთმა კი არაერთხელ თქვა უარი ამ გზით გადახდაზე.