LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გაზპრომთან” შეთანხმება მიღწეულია – ტრანზიტის საფასურად საქართველო ისევ გაზის 10%-ს მიიღებს

43

“გაზპრომთან” ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

მისი თქმით, სიტყვიერი შეთანხმება “გაზპრომთან” მიღწეულია და პირობები იგივე დარჩება – საქართველომ სომხეთში ტრანზიტის შედეგად ბუნებრივი აირის 10%-ს მიიღებს.

”ვფიქრობ, “გაზპრომთან” ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება. ჩვენი წინადადება უკვე გაჟღერებულია და გადავუგზავნეთ კიდეც ხელშეკრულების შინაარსი. შეთანხმება სიტყვიერად მიღწეულია, ანუ ჩვენ ვრჩებით იგივე პოზიციაზე, რაც ბოლო წლების განმავლობაში იყო – მივიღებთ ბუნებრივ აირს 10% ნედლეულის სახით”, – განაცხადა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრმა “სოკართან” მიღწეულ შეთანხმებაზეც ისაუბრა.

“ბოლო თვეების განმავლობაში გაზმომარაგება იყო ძალიან აქტუალური თემა. ენერგეტიკის სამინისტრო რამდენიმე ფრონტზე ახორციელებდა მოლაპარაკებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო ქვეყნის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა და ის მოთხოვნა, რაც დღეს საქართველოშია, ყოფილიყო დაკმაყოფილებული. წინა კვირას ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება გავაფორმეთ კომპანია “სოკართან”. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა თანამშრომელს, განსაკუთრებით მარიამ ვალიშვილს, რომელიც ჩართული იყო ამ მოლაპარაკებებში. ეს არ იყო მარტივი მოლაპარაკებები, ეს იყო მრავალთვიანი პროცესი. მთავარი და მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ მივაღწიეთ საბოლოო შედეგს, რომელიც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი”, – განაცხადა კალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, “სოკართან” მიღწეული შეთანხმების შედეგად, კომპანია საქართველოს დამატებით მოცულობებს “შაჰდენიზის” მილსადენის მეშვეობით მიაწვდის.

“ჩვენ არ ვართ დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ ერთ მომწოდებელზე. მე არაერთხელ განვაცხადე და კიდევ გავიმეორებ, რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ბუნებრივი აირის 90 %-ს გვაწვდის აზერბაიჯანი. დამატებითი მოცულობების მოწოდებას ტექნიკურად ვერ უზრუნველყოფდა ე.წ. ყაზახის მილსადენი, რომელიც კომპანია “სოკარის” საკუთრებაა. დღეს, ერთობლივი მუშაობით, ეს პრობლემა გადაჭრილია და ჩვენ მომავალი წლების განმავლობაში გვექნება შესაძლებლობა მივიღოთ ბუნებრივი აირი “შაჰდენიზის” მილსადენიდან. არაერთი შეხვედრა გაიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო ამ მილსადენში დამატებითი მოცულობების გატარება. ამ მილსადენს ფლობს კონსორციუმი, რომელშიც სხვადასხვა საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიაა გაწევრიანებული. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ბუნებრივი აირი მივიღოთ “სოკარის” მილსადენით, “შაჰდენიზის” მილსადენით და ასევე ტრანზიტით, რასაც რუსეთი აწვდის სომხეთს და ჩვენ 10%-ს ვიღებთ”, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g