„დანაშაულში მონაწილე პირები, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები არიან“ – ამ ფრაზას მედიაში ქურდობის შესახებ ახალი ამბების კითხვისას ხშირად შეხვდებით. თუ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ არასრულწლოვნების მიერ ყველაზე ხშირად ჩადენილი დანაშაული ქურდობაა, თუმცა არის მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ხულიგნობის და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულები.
არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაული რომ მზარდია, ამას არც სახელწმიფო უწყებები უარყოფენ. საზოგადოებას კი, ამაზე ძირითადად ორგვარი რეაქცია აქვს და ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ხოლმე სოციალურ ქსელში. ნაწილი სახელმწიფოს პრევენციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს უწუნებს, ნაწილი კი, გამოსავალს კანონის გამკაცრებასა და მათ უმკაცრეს დასჯაში ხედავს. თუმცა, ამ მხრივ კანონმდებლობაში ხარვეზები არ არსებობს და საქართველოს არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ევროპული სტანდარტების შესაბამისია. ამაზე არასამთავრობო და სახელმწიფო სექტორიც თანხმდებიან. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ძალაში 2016 წელს შევიდა. საქართველოში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი 14 წელია. ეს ნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა არასრულწლოვანს 14 წლის ასაკიდან ეკისრება. 14 წლამდე ბავშვები კი, პრევენციის სფეროს ნაწილია.
„14 წლამდე პირებს რაც შეეხება, ჩვენ არა ერთხელ ვთქვით, რომ რეფერირების მექანიზმის დახვეწაზე ვმუშაობდით, იმიტომ რომ ასაკის დაწევა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება 14 წლამდე პირებისთვის არ არის ადეკვატური პასუხი, რომელიც სახელმწიფომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად უნდა შესთავაზოს მოზარდებს,“ – აღნიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი.
მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პრობლემის დასაძლევად უწყება ქმედით ნაბიჯებს დგამს და პრევენციის მიმართულებითაც მუშაობს.
არასამთავრობო სექტორში კი ფიქრობენ, რომ სწორედ პრევენციაა ის რგოლი, რომელიც ჩავარდნილია. დანაშაულების პრევენცია უნდა განხორციელდეს 3 დონეზე – ბავშვებისთვის, რომელთაც დღემდე არ შექმნიათ კანონთან კონფლიქტი, ბავშვებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ რისკ-ფაქტორები იმისა, რომ მომავალში შეექმნათ კანონთან კონფლიქტი, ბავშვებისთვის, რომელთაც უკვე შეექმნათ კანონთან კონფლიქტი და აქვთ განმეორების, ანუ რეციდივის საფრთხე. არასამთავრობო ორგანიზაცია “ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის” წარმომადგენელი, ტატო ქელბაქიანი “ფორტუნასთან” განმარტავს, რომ არასრუწლოვანთა დანაშაულის მატება სწორედ პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების არარსებობის გამო ხდება.
„პრევენცია ძალიან კომპლექსური საკითხია და სხვადასხვა დონეზე განიხილება. აქ აუცილებელია განისაზღვროს, რა ეტაპზე რა ტიპის ჩარევაა საჭირო სკოლაში, ოჯახში და ა.შ. უნდა განისაზღვროს, როგორ უნდა ხდებოდეს ბავშვის იდენტიფიცირება, როცა ის ავლენს ანტისოციალურ ქცევას და შემდეგ როგორ უნდა მოხდეს გადამისამართება. დღემდე არ გვაქვს არანაირი ეფექტიანი მექანიზმი.
პრობლემის არსს წარმოადგენს ის, რომ როცა 14 წლამდე პირები ავლენენ ანტისოციალურ ქცევას, რომელიც შეიცავს ან არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ამ დროს სახელმწიფო ჯერ-ჯერობით ვერაფერს აკეთებს.
ზოგჯერ საზოგადოება ითხოვს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამკაცრებას, მაგრამ ეს არ არის სწორი, პრევენციული ღონისძიებები, ეფექტური რეაგირების მექანიზმების არსებობაა საჭირო, შესაძლოა, საჭირო იყოს ოჯახთან მუშაობა, სხვადასხვა სერვისებში ჩართვა და ა.შ,“ – ამბობს ტატო ქელბაქიანი.
ტატო ქელბაქიანი ამბობს, რომ პრევენციის მიმართულება რეფერირების მექანიზმმა უნდა დაარეგულიროს, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.
რეფერირების კონცეფცია სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა. კონცეფციის თანახმად, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისთვის არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი უნდა შეიქმნას.
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი საჯარო და კერძო სკოლებისაგან მიიღებს ინფორმაციას ქცევითი პრობლემების მქონე მოსწავლეების შესახებ, ჯანდაცვის სამინისტროსგან კი – მიუსაფარი ბავშვების თაობაზე. გარდა ამისა, ცენტრისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ექნება ყველა იმ უწყებას, რომლებიც არასრულწლოვნებთან მუშაობენ, მათ შორის, შსს-ს, პროკურატურას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მუნიციპალიტეტს და სხვ. უწყებები პრობლემური ქცევის ბავშვებს რეფერირების ცენტრში გადაამისამართებენ;
ცენტრის თანამშრომლები ინდივიდუალურად შეაფასებენ თითოეულ არასრულწლოვანს და მათ კანონიერ წარმომადგენლებთან, მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან, სოციალურ მუშაკთან გასაუბრებით დაადგენენ, რა არის არასრულწლოვნის რთული ქცევის მიზეზი და როგორ უნდა აღმოიფხვრას ის. კონცეფციის თანახმად, რეფერირების ცენტრის თანამშრომლის მიერ განსაზღვრულ სარეაბილიტაციო სერვისებში არასრულწლოვნის მონაწილეობა სავალდებულო იქნება.
კონცეფციის თანახმად, ცენტრმა რეგულარულად უნდა განახორციელოს კონკრეტულ პროგრამებში ჩაბმული არასრულწლოვნის რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგი და ეფექტიანობის შეფასება.
დოკუმენტის სამუშაო ვერსიას იცნობს ტატო ქელბაქიანიც, რომელიც მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ არასრუწლოვანთა დანაშაულის პრევენციის, როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლვეადიან სტრატეგიაზე უნდა იმუშაოს.
„ამ ეტაპზე არსებობს ამ დოკუმენტის სამუშაო ვერსია და საბოლოო ხედვა ჩამოყალიბებული არ არის. ჯერ არსებობს ზოგადი მონახაზი. საუბარი იყო იმაზე, თუ რა როლი უნდა ჰქონდეს შსს-ს, იუსტიციის სამინისტროს, სპორტის, კულტურის და განათლების სამინისტროს მთელ ამ პროცესში. ზოგიერთმა უნდა მოახდინოს იდენტიფიცირება, ზოგმა სერვისი შესთავაზოს. ეს ძალიან რთული ასამუშავებელია, მაგრამ მალე უნდა მოხდეს ამის დაწყება და რესურსების გამონახვა,“ – ამბობს ტატო ქელბაქიანი.
არასრულწლოვანთა დანაშაულზე საუბრისას, გასათვალისწინებელია „იუნისეფის“ კვლევაში მოცემული ინფორმაციაც. კერძოდ, ბავშვების მონაყოლზე დაყრდნობით, კვლევაში აღნიშნულია, რომ ქურდობასთან ან რაიმე სხვა დანაშაულთან დაკავშირებით, ბავშვების ჯგუფის დაკავების შემთხვევაში, პოლიციის ოფიცრები ასკვნიან, რომ დანაშაული 14 წლამდე ასაკის ბავშვმა ჩაიდინა ან არწმუნებენ ამ ბავშვებს, რომ დანაშაული თავის თავზე აიღონ. ამ ინფორმაციას უარყოფენ შსს-ში. როგორც მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აღნიშნავს, ამ მხრივ უწყებაში პრობლემები არ არსებობს.
ამავე თემაზე: რატომ ვერ ხდება არასრულწლოვანთა დანაშაულების პრევენცია – ინტერვიუ ანა არგანაშვილთან
თაკო ივანიაძე