რუსეთი ევროპის სტაბილურობისთვის ერთადერთი საფრთხე არ არის, – ამის შესახებ “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციას ექსკლუზიურ ინტერვიუში ამერიკელმა გენერალმა ბენ ჰოჯესმა განუცხადა, რომელიც ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მეთაურია.
როგორც გენერალმა აღნიშნა, რუსეთმა “ევროპის უსაფრთხოების სურათი” შეცვალა. ბენ ჰოჯესი მიიჩნევს, რომ ყირიმის კრიზისი უფრო გრძელვადიანი გამოწვევა იქნება, რადგან რუსეთი ნახევარკუნძულის “დატოვების არანაირ სურვილს არ ამჟღავნებს”.
მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ევროპაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მნიშვნელობას.
“ნატო მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ალიანსია. მართალია, ის არ არის სრულყოფილი, მაგრამ თუ მისი არსებობის ისტორიას გადავხედავთ, ის ნამდვილად კოლექტიური თავდაცვის ალიანსია. შეერთებულმა შტატებმა საკუთარი ლიდერობით ალიანსის ერთიანობა და მისი სიმტკიცე უნდა უზრუნველყოს”, – აცხადებს გენერალი.
ბენ ჰოჯესის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროპის კავშირიც ერთიანი და განუყოფელი იყოს, რაშიც მისი აზრით, დიდ როლს თამაშობს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.
“ახლახან ის წლის ქალად, თუ წლის ადამიანად გამოაცხადეს, რასაც ნამდვილად იმსახურებს. მისი ლიდერობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო”, – აღნიშნა ჰოჯესმა.
გენერალი ჰოჯესი იმედს გამოთქვამს, რომ ევროპის კავშირი იანვარში რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივებს და ამით აჩვენებს მოსკოვს, რომ დასავლეთი უკრაინის პრობლემას მთელი სერიოზულობით ეკიდება.
“რუსეთი ევროპის სტაბილურობისთვის ერთადერთი საფრთხე არ არის. დევნილთა კრიზისი, რადიკალური ისლამი – ეს ის საკითხებია, რაც ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება”, – განაცხადა გენერალმა.
დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებით გენერალი ჰოჯესი აცხადებს, რომ აგრესიისგან დასაცავად რამდენიმე ელემენტის ერთიანობაა საჭირო.
“გულახდილად რომ გითხრათ, ხშირად მარტო სამხედრო ძალა შეიძლება ყველაზე ნაკლებად ეფექტური იყოს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ის სრულ უნისონში არ არის დიპლომატიურ ინფორმაციასთან და ეკონომიკურ ზომებთან”, – აღნიშნავს გენერალი და დასძენს, რომ ევროპის კავშირის მთელი პერიმეტრის დასაცავად აუცილებელია ქვეყნებს შორის უსაფრთხოების ინფორმაციის და ბიომეტრული მონაცემების გაცვლის საშუალება არსებობდეს.
ბენ ჰოჯესი აღფრთოვანებულია და ამაყობს იმით, რომ ამერიკელ ქალებს ბრძოლის წინა ხაზზე მსახურის უფლება მიეცათ.
“ვფიქრობ, მალე დადგება ის დრო, როცა ვიტვით: როგორ არ გავაკეთეთ ეს 10 წლის წინ?”- აცხადებს ჰოჯესი.