“კონსტიტუციური კანონის პროექტიდან, გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული საკითხების ამოღება, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მმართველ ძალას არ სურს სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემებზე პოლიტიკური კონტროლის შემცირება.” – სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ამცირებს პროკურატურის უწყების დემოკრატიზაციის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პერსპექტივას.
❗️ ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, განაახლოს მსჯელობა პროკურატურის და ზოგადად მართლმსაჯულების სისტემურ რეფორმაზე და ამ პროცესში სამოქალაქო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები და რეკომენდაციები გაითვალისწინოს.
როგორც მიმართვის ავტორები აღნიშნავენ, გენერალური პროკურატურა მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანესი რგოლია. ეს არის ერთადერთი უწყება ქვეყანაში, რომელიც სისხხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს ადამიანებზე:
“ამავდროულად, პროკურატურა არსებით გავლენას ახდენს საქმეების გამოძიების ხარისხსა და ყოველმხრივობაზე. უშუალოდ უწყების შიგნით, გენერალური პროკურორი ფლობს ფაქტობრივად შეუზღუდავ კომპეტენციებს და შესაძლებლობა აქვს, გავლენა იქონიოს როგორც ზოგადად უწყების მართვის სტრატეგიულ საკითხებზე, ისე ინდივიდუალურ საქმეებზე.
ამ ფონზე, კრიტიკულად აუცილებელია, რომ გენერალური პროკურორი ინიშნებოდეს გამჭვირვალე, სამართლიანი პროცედურით, რა დროსაც მაქსიმალურად იქნება დაზღვეული საკითხის პოლიტიზება და გადაწყვეტილების ვიწრო-პარტიული ინტერესებით მიღება.” – აღნიშნულია მიმართვაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრში ამბობენ, რომ გენერალური პროკურორის შერჩევა-დანიშვნის მოქმედი წესები ვერ პასუხობს აღნიშნულ მოთხოვნებს და არსებული საკანონმდებლო ჩარჩო სათანადოდ ვერ აზღვევს, რომ ამ თანამდებობაზე პირები ინიშნებიან არა პროფესიული უნარების და კეთილსინდისიერების გათვალისწინებით, არამედ პოლიტიკური ლოიალურობის მიხედვით:
“არსებული პრობლემების მიუხედავად, სახელმწიფოს ამ დრომდე არ უცდია პროკურატურის სისტემის ძირეული რეფორმის დღის წესრიგში დაბრუნება. 19 აპრილის შეთანხმებამ სახელმწიფოს მისცა საშუალება, დაეწყო მსჯელობა ამ საკითხზე და ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი დიალოგის პირობებში წარემართა რეფორმის იდეებზე მუშაობა.
სამწუხაროდ, მმართველი პოლიტიკური გუნდის აღნიშნული გადაწყვეტილება არის მორიგი გაშვებული შესაძლებლობა პროკურატურის რეალური რეფორმისთვის და მისი დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბებისთვის.” – წერია გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ვრცლად წაიკითხავთ აქ.