ბელგიური მედია გიორგი ჩაკვეტაძეს შესაძლო ტრანსფერზე ალაპარაკდა. გამოცემა Voetbal24.be ამტკიცებს, რომ „გენტი“ ქართველი ნახევარმცველის სანაცვლოდ ცხრა მილიონზე მეტს აიღებს.
„გენტი“ ჯერ კიდევ ოქროს ფლობს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, კლუბის პრეზიდენტმა ივან დე ვიტმა და მენეჯერმა მიშელ ლუვაგიმ წარმატებით გაყიდეს მოთამაშეები – შეძენილ ფასზე ბევრად ძვირად. ახლა ისინი „გელამკო-არენას“ აბსოლუტური სატრანსფერო რეკორდის დასამყარებლად ემზადებიან“, – წერს Voetbal24.be.
გამოცემა კონკრეტულ თანხასაც აფიქსირებს:
„ბელგიაში ჩამოსვლამდეც, ჩაკვეტაძეს გადაყვანა „ბაიერნს“ სურდა. ფეხბურთელმა კონტრაქტი „გენტთან“ გააფორმა. თუმცა, ევროპული გრანდების ინტერესი ამით არ განელებულა. 2017 წლის ზაფხულში „გენტში“ თბილისის „დინამოდან“ 1.5 მილიონი ევროდან გადაყვანილი ჩაკვეტაძის საბაზრო ღირებულება უკვე ხუთი მილიონი ევროა. „გენტში“ ელოდებიან, რომ მალე ჩაკვეტაძეს დიდ ევროპულ კლუბში გაყიდიან და ამით სატრანსფერო რეკორდს მოხსნიან, რომელიც სვენ კომსის ეკუთვნის – ის „უოტფორდში“ ცხრა მილიონ ევროდ გადავიდა.“
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ბელგიის ჩემპიონატის ორ შეხვედრაში, გიორგი ჩაკვეტაძემ სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.