ულიმიტო ტრანსპორტის მთელი თვე 9,50 ევროდ – გერმანიის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიზანი ქვეყანაში ტურიზმის წახალისება და ასევე, ენერგორესურსების მზარდი ფასებისა და საწვავის მოხმარების შემცირებაა.
როგორც CNN წერს, გერმანიის მთავრობამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეს ტარიფი უკვე დაამტკიცა და ის ივნისში, ზაფხულის მოგზაურობის დროს შევა ძალაში. სწორედ ამიტომაც, გერმანია 2022 წლის ყველაზე ხელმისაწვდომ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა ევროპაში.
CNN-ის ინფორმაციითვე, სამგზავრო ბარათის გამოყენება შესაძლებელი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივ და რეგიონულ ტრანსპორტში: მატარებელი, ავტობუსი, ტრამვაი. თავად გარიგება ივნისის, ივლისისა და აგვისტოს პერიოდში იმოქმედებს და გარდა იმისა, რომ მეტი ტურისტის დაინტერესებას გამოიწვევს, ასევე წაახალისებს ადამიანებს, რომ დატოვონ პირადი ავტომობილები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყენონ.