გერმანიაში, ქალაქი შტუტგარტის ხელისუფლებამ ახალი პროგრამა წამოიწყო. სიახლე ასაკოვან მძღოლებს პირად ავტომობილზე უარის თქმის სტიმულს გაუჩენს და უფრო უსაფრთხო საზოგადოებრივ ტრანსპორტს აარჩევინებს.
ამიერიდან 60 წელს გადაცილებულ შტუტგარტელებს შეეძლებათ რომ მართვის მოწმობა უფასო სამგზავრო ბარათში გაცვალონ. ასეთი ბარათი 560,4 ევრო ღირს, აბსოლიტურად ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტს მოიცავს და მისი მოქმედების ვადა ერთი წელია.
მთავრობის მიზანი ქალაქში მოძრავი ავტომობილების მაქსიმალურად შემცირებაა. ასევე, ინიციატივა გზებს ბევრად უფრო უსაფრთხოს გახდის. საქმე ისაა, რომ ხანდაზმულ მძღოლებს როგორც წესი, კონცენტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და მათი დამსახურებით ავტო–საგზაო შემთხვევების რისკი იზრდება.
დასაწყისისთვის პროგრამა 2 წელზეა გათვლილი. შტუტგარტის ხელისუფლება გეგმავს, რომ 3,4 ათასამდე მართვის მოწმობა გაცვალოს სამგზავრო ბარათში. ამ დროის გნამავლობაში ისინი პროგრამის ეფექტურობას დააკვირდებიან, თუკი ქალაქში ავტომობილთა რაოდენობა და ასევე ავარიებიც შემცირდება – მაშინ ინიციატივას მომავალშიც გააგრძელებენ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას სხვა ევროპული ქალაქებიც ცდილობენ. მაგალითად, პრაღაში საზ. ტრანსპორტი ნისლიან დღეებში ყველასთვის უფასოა. ლუქსემბურგში კი საზოგადობერივ ტრანსპორტზე გადასახადი სულ გააუქმეს, რათა ხალხმა პირად ავტომობილებზე უარი თქვას.