გერმანიაში, საქსონიის რეგიონში მინდვრის ზაზუნების გადარჩენის პროგრამა დაიწყეს. ცხოველები, რომლებიც ოდესღაც ადგილობრივი მინდვრების ჩვეულებრივი ბინადარნი იყვნენ, დღეს უკვე იშვიათად გვხვდებიან. თუ რამდენიმე ათეული წლის წინ ისინი ყველგან დარბოდნენ, ახლა ფერმერებს მათი ნახვა ძალიან უჭირთ.
Feld hamster-ის ინფორმაციით, მიზეზი მარტივია: მინდვრები ძალიან „სუფთა“ გახდა იმისთვის, რომ მღრღნელებმა იქ ცხოვრება შეძლონ. თანამედროვე სოფლის მეურნეობა აღარ ტოვებს არაფერს – ხორბალს უფრო ადრე აგროვებენ, ბალახს ჭრიან, ხოლო პესტიციდები ანადგურებს ყველაფერს, რაც დარჩება. შედეგად, ზაზუნას აღარ აქვს ადგილი, სადაც დაიმალება ან საკვებს მოიპოვებს, მით უფრო ზამთარში.
ზაზუნების გადარჩენას სათავეში უდგას პროექტი LIFE4HamsterSaxony, რომელმაც ევროკავშირის დაფინანსება მიიღო. ლაიფციგის ზოოპარკში უკვე გაზარდეს ზაზუნების პირველი „თავისუფალი“ თაობა, რომელიც შემდეგ ბუნებაში გაუშვეს. მათთვის მოამზადეს სპეციალური მინდვრები, სადაც არ მუშაობენ ტრაქტორები და არ გამოიყენება ქიმიკატები.
ამ ტერიტორიებზე დარჩენილია ბალახი, მარცვლოვანი კულტურები და სამყურა – რათა ზაზუნებს ჰქონდეთ როგორც საკვები, ისე თავშესაფარი საფრთხის შემთხვევაში. პირველ ეტაპზე მათ საკვების მარაგებს ხელოვნურადაც შეუვსებენ.
აღსანიშნავია, რომ მინდვრების გარშემო დამონტაჟებულია ელექტრონული ღობე, რათა ზაზუნები მტაცებლებისგან დაიცვან.
 
				 
															
 
															 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 