გერმანიაში გაიხსნა საავტომობილო ხიდი, რომელიც ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალია, სიგრძით კი გერმანიაში მეორე ადგილს იკავებს. ნაგებობის სიმაღლე 160 მეტრს აღწევს, ხოლო სიგრძე – 2 კილომეტრამდეა.
ხიდი რაინის რეგიონს ბენილუქსის ქვეყნებთან დააკავშირებს და მასზე ყოველდღიურად 25 ათასამდე ავტომობილი გაივლის.
აღსანიშნავია, რომ ხიდის გახსნის ცერემონიას ასობით ადამიანი ესწრებოდა და სადღესასწაულო აქტივობების ფარგლებში, მათმა უმრავლესობამ ხიდი ფეხით გადაკვეთა.
ხიდის მშენებლობა 8 წლის წინ დაიწყო და პროექტს მაშინვე ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, მასიური ნაგებობა იქვე გაშენებულ ვენახებს დააზიანებს და გრუნტის წყლებს დააბინძურებს. თუმცა, ბრძოლამ შედეგი არ გამოიღო და ხიდი მაინც აშენდა.
და ბოლოს, პროექტის ღირებულება 483 მილიონი ევრო იყო და ის მთლიანად ბიუჯეტიდან დაფინანსდა.