გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი ბათუმში მასზე თავდასხმის თავდასხმის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ საზოგადოების მხრიდან სოლიდარობის გამოხატვისთვის მადლიერია.
როგორც ფიშერი „tv პირველთან“ საუბრისას ამბობს, ასეთი ინციდენტები საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობაზე, გავლენას ვერ მოახდენს:
„ბათუმში, თევზის ბაზრის სიახლოვეს გადავადგილდებოდით. მოულოდნელად ვიღაც ბიჭი გამოჩნდა და ყვირილი დამიწყო. ჩვენ ქართველებთან ერთად ვიყავით, მათ უთხრეს, რომ გაჩუმებულიყო და წასულიყო.
ქართველების გვერდით დგომამ ძალიან გამახარა, მას არავინ შეუერთდა, ექვსმა-შვიდმა ადამიანმა უთხრა, რომ ადგილი დაეტოვებინა და ისიც წავიდა.
„ბათუმში გერმანიის ელჩის და მისი მეუღლის შეურაცხყოფა უფრო ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვისაა შეურაცხყოფა“ – სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქართველი ხალხის დიდი ნაწილი აფასებს გერმანიის მხარდაჭერას.
მადლიერი ვარ სოლიდარობის გზავნილებისთვის, ასეთი ინციდენტები გავლენას ვერ მოახდენს საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობაზე. უნდა ითქვას, რომ ჩვენი მეგობრობა ახლა პრობლემურია, მაგრამ ჩვენი მეგობრობის შემოთავაზება ძალაშია.
მინდა ვთქვა, რომ პარტნიორობას ორი მხარე სჭირდება. ჩვენ პოზიცია არ შეგვიცვლია, ჩვენ გთავაზობთ ევროკავშირის წევრობას. 20 წელია კარგი პარტნიორობა გვაკავშირებს და ამის გაგრძელება გვინდა.“ – განაცხადა პიტერ ფიშერმა.
შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პიტერ ფიშერს, ბათუმში, 18 მაისს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ინფორმაციისთვის, გერმანიის ელჩი, ბათუმში, რამდენიმე დღით იმყოფებოდა. პიტერ ფიშერი საქალაქო სასამართლოში „ბათუმელების“ დამფუძნებლისა და ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრებოდა. ასევე, ბათუმში მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.