LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღამის სერენადები“ 21 აგვისტოს ბორჯომში გაიხსნება – „ძალიან გამიხარდა, როცა ფესტივალის ორგანიზატორები დამიკავშირდნენ და „ღამის სერენადებში“ მონაწილეობა შემომთავაზეს, რადგან ქალბატონ ლიანასთან შეხვედრისა და მისი ახლოს გაცნობის იმედი მომეცა, თუმცა ვერ შევძელი და ძალიან მწყდება გული…“

231
მარიამ-როინიშვილი,-ლიზა-რამიშვილი

რადიო „ფორტუნას“ და გადაცემის „არტ-FM“-ის სტუმრებმა მარიამ როინიშვილმა და ლიზა რამიშვილმა ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე „ღამის სერენადებზე“ ისაუბრეს, რომელიც 21 აგვისტოს აიღებს სტარტს ბორჯომში და 20 სექტემბერს დასრულდება თბილისში.  

23 აგვისტო, ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი – მარიო სტეფანო პიეტროდარკი, ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ და პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე – ენიო მორიკონეს და ნინო როტას  ნაწარმოებები.

25 აგვისტო, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრი – ელვინ ჰოჯა განიევი „საქართველოს ვირტუოზები“ და პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე – ანტონიო ვივალდის „წელიწადის დროები“, ასოტორ პიაცოლას „ბუენოს-აირესის წელიწადის დროები“.

15 სექტემბერი, კონსერვატორიის დიდი დარბაზი – სანდრო ნებიერიძე  და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ბეატრიჩე ვენეცის დირიჟორობით – ოტორინო რესპიგის „რომის პინიები“.

17 სექტემბერი, კონსერვატორიის დიდი დარბაზი – მარიამ როინიშვილი, გიორგი ოიკაშვილი, „საქართველოს ვირტუოზები” და პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე – ერთობლივ კონცერტი.  

18 სექტემბერი, კონსერვატორიის მცირე დარბაზი – გიორგი შავერზაშვილი და გიორგი ხაინდრავა – ჩეხი კომპოზიტორების ბედრჟიხ სმეტანას და ანტონინ დვორჟაკის ნაწარმოებები.

20 სექტემბერი, კონსერვატორიის დიდ დარბაზი – ფესტივალის დასკვნითი კონცერტი, ანდრეს გაბეტა, მორის შტიგერი, „საქართველოს ვირტუოზები“ და პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე.

ფესტივალის ფარგლებში განხორციელდება შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტი მოსწავლე-ახალგაზრდობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. პროგრამა დარგობრივ მასტერკლასებს, ღია ლექციებსა და ვორკშოპებს გააერთიანებს. ამასთანავე მოეწყობა მხატვართა ნამუშევრების გამოფენები.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროები, თბილისის, ბათუმის და ბორჯომის მერიები, იტალიის, ბრაზილიის და ჩეხეთის საელჩოები საქართველოში.

მარიამ როინიშვილი:

ძალიან დიდი პატივია „ღამის სერენადებში“ მონაწილეობა, მით უფრო, რომ წლევანდელ ფესტივალზე ჩემი დებიუტი შედგება. ბავშვობიდან ვეთაყვანებოდი ქალბატონ ლიანას, რომელიც თვითონ იყო ნამდვილი დღესასწაული, რადგან ყოველთვის გასაოცარ კონცერტებს აწყობდა. ძალიან გამიხარდა, როცა ფესტივალის ორგანიზატორები დამიკავშირდნენ და „ღამის სერენადებში“ მონაწილეობა შემომთავაზეს, რადგან ქალბატონ ლიანასთან შეხვედრისა და მისი ახლოს გაცნობის იმედი მომეცა, თუმცა ვერ შევძელი და ძალიან მწყდება გული. მისი გარდაცვალების შემდეგ თითქოს ყველაფერი გაფერმკრთალდა და ძველი ხიბლი დაკარგა, თუმცა, მაინც უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რომ 17 სექტემბერს არაჩვეულებრივ მუსიკოსებთან ერთად წარვდგები მსმენელის წინაშე.

მიხარია, რომ ბრაზილიური მუსიკის საღამოში მივიღებ მონაწილეობას, რადგან ძალიან მიყვარს ეს ქვეყანაც და მისი საოცარი მუსიკაც, რომელიც ძალიან ახლობელია ჩემთვის. იმედია, გავამართლებ მსმენელის იმედს, მით უფრო, რომ არც ძალას დავიშურებ, არც მონდომებას საუკეთესო განწყობის შესაქმნელად.

ლიზა რამიშვილი:

მეც პირველად ვმონაწილეობ „ღამის სერენადებში“. უბედნიერესი ვიყავი, როცა ფესტივალის დირექტორმა, ქალბატონმა ნინა ცაგარელმა დამირეკა და მართლაც არაჩვეულებრივ საღამოში შემომთავაზა მონაწილეობა. კლასიკურთან შედარებით ბრაზილიური მუსიკა ნაკლებადაა საქართველოში პოპულარული, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ჩვენი საღამო სიახლე იქნება ქართველი მსმენელისთვის. ვფიქრობ, „ღამის სერენადების“ უპირატესობაც სწორედ ესაა – მუდმივად სიახლე შესთავაზოს მსმენელს. აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბრაზილიის საელჩოს ჩვენი საღამოს მხარდაჭერისთვის.

ძალიან საინტერესო პროგრამა აქვს ფესტივალს, ამიტომ ვისაც ახლის გაგებისა და თვითგანვითარების სურვილი აქვს, აუცილებლად უნდა დაესწროს ყველა კონცერტს, მით უფრო, რომ კლასიკურთან ერთად, თანამედროვე მუსიკალური ნაწარმოებებიც მრავლად შესრულდება.

აუცილებლად მინდა აღვნიშნო ელვინ ჰოჯა განიევის კონცერტი. მე და ელვინი ერთად ვსწავლობდით და ძალიან კარგი მეგობრები ვართ. არაჩვეულებრივი მევიოლინეა, ამიტომ ყველას სიამოვნებით ვიწვევ მის საღამოზე. არანაკლებ საინტერესო კონცერტს გვპირდება სანდრო ნებიერიძეც, რომელიც ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართავს საღამოს და პირველად შეასრულებს რახმანინოვის საფორტეპიანო კონცერტს #3-ს საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g