პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მართლმსაჯულების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტატისტიკის მიხედვით, ევროპულ სასამართლოს, 2012 წლის შემდეგ საქართველოს პენიტენციური სისტემიდან გაგზავნილი არც ერთი საქმე წარმოებაში არ მიუღია და ეს პატიმართა უფლებების დაცვის უმაღლეს სტანდარტს ადასტურებს:
„პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია, დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად ქვეყანაში განხორციელებული ძირეული რეფორმების შედეგია, რომლის ობიექტური საზომიც არაერთი მონიტორინგის მექანიზმია, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
ყველაზე მკაფიო ინდიკატორი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკაა, რომლის მიხედვითაც, ევროპულ სასამართლოს 2012 წლის შემდეგ საქართველოს პენიტენციური სისტემიდან გაგზავნილი არცერთი საქმე არ მიუღია წარმოებაში, რაც პატიმართა უფლებების ქვეყნის შიგნით დაცვის უმაღლეს სტანდარტს ადასტურებს.
ამასთან, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მკვეთრად შემცირდა საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში არსებული საქმეების საერთო რაოდენობაც. შედარებისთვის, 2011 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოებაში იყო 3 000-ზე მეტი საქმე და შედარებისთვის, 2023 წლის იანვრის მდგომარეობით ეს რიცხვი 147-მდე შემცირდა, რაც 20-ჯერ ნაკლებია 2011 წლის მონაცემებთან შედარებით.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის სამართლის უზენაესობის ინდექსის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.