“ბავშვი არ დაბადებულა და სახელს არქმევდნენო, თუ ჩამოდის ეს კაცი ჩამოვიდეს, თუ ჩამოვა – დავიჭერთ.” – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი “კანონი და სამართალის” ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი არ უნდა დააკავონ.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ასევე დაიჭერენ მას, ვინც ხელს შეუშლით:
“კიდევ ერთხელ ვიტყვი ყველას გასაგონად, ჯერ ერთი, ბავშვი არ დაბადებულა და სახელს არქმევდნენო, თუ ჩამოდის ეს კაცი ჩამოვიდეს, თუ ჩამოვა – დავიჭერთ, ვინც ხელს შეგვიშლის, იმასაც დავიჭერთ, სხვა რა გითხრათ?” – თქვა ღარიბაშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, დაიწყეს თუ არა მათ მხარდამჭერების მობილიზება, პრემიერმა განაცხადა:
“არავითარი სამოქალაქო დაპირისპირება მე არ დამიანონსებია, სამოქალაქო დაპირისპირება დააანონსეს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა, როდესაც თქვეს, რომ ისინი თურმე ხელს შეუშლიან მიხეილ სააკაშვილის დაკავებას.” – თქვა მან.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა ავიაბილეთის ფოტო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ 2 ოქტომბერს, თვითმმმართველობის არჩევნებზე საქართველოში, მოქალაქეების გვერდით იქნება.
მანამდე პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა დააფუძნა ორგანიზაცია “საერთო სახალხო მოძრაობა”, რომელმაც სააკაშვილის ქვეყანაში მშვიდობიანად დაბრუნებას უნდა შეუწყოს ხელი.
დღეს ჩარკვიანმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა მოითხოვა.