LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ღარიბაშვილის გადასაწყვეტი არ არის, პოლიტიკურ განცხადებას გავაკეთებ თუ არა” – მამუკა მამულაშვილი

361
BeFunky-collage - 2022-12-07T231512.584

ღარიბაშვილის გადასაწყვეტი არ არის, პოლიტიკურ განცხადებას გავაკეთებ, თუ არა, – ასე გამოეხმაურა უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით, მამუკა მამულაშვილი, სააკაშვილის დიდი მხარდამჭერია, მისი და კი “ნაცმოძრაობიდან” პარლამენტის წევრი იყო.

როგორც მამულაშვილი საუბრობს, ღარიბაშვილი საქართველოს ინტერესების დაცვით უნდა იყოს დაკავებული და არა რუსული პოლიტიკის გატარებით.

“ღარიბაშვილის გადასაწყვეტი არ არის, მე პოლიტიკურ განცხადებას გავაკეთებ, თუ არა. მესმის, რომ რუსულ ყაიდაზეა გაზრდილი და მისთვის შეზღუდულია სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა ადამიანის ლაპარაკი – მე მგონია, რომ ცოტა პატივისცემით უნდა მოეპყროს იმ საკითხს, რასაც დღეს „ქართული ლეგიონი“ აკეთებს. ეს არის საქართველოს ინტერესების დაცვა და მეგობრობის გამყარება.

მოვუწოდებ, სწორედ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ჩემთვის პირადად მისაღები არ არის, დაკავდეს იმით, რომ დაიცვას საქართველოს ინტერესები და არა რუსული პოლიტიკა გაატაროს საქართველოში. არ ვიცი, რა კომენტარის გაკეთება შეიძლება, როდესაც ადამიანმა არ იცის, რაზე ლაპარაკობს.

რაც შეეხება კონფერენციას ევროპარლამენტში, არაერთხელ ვყოფილვარ დაპატიჟებული, მილაპარაკია და მე მგონი, ეს ღარიბაშვილის კომპეტენცია არ უნდა იყოს საერთოდ.

მე თვითონ პარტიული არასდროს ვყოფილვარ. არ ვყოფილვარ არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც სხვა რომელიმე პარტიის წევრი. რა თქმა უნდა, მე მაქვს ჩემი პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები, ყველა ადამიანს აქვს. მე მგონი, ჯერ კიდევ შეგვიძლია საქართველოში გამოვხატოთ ჩვენი ნება და თავისუფლად ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ხდება ქვეყანაში. მე საერთოდ არ მქონია შეხება პოლიტიკურ პარტიებთან. ჩემი ერთადერთი შეხება იყო ის, რომ ჩემი და იყო პარლამენტის წვერი „ნაციონალური მოძრაობიდან“, რამდენადაც ვიცი ბოლო ერთი წელი.

ამას ხედავენ უკრაინელები, ჩვენი დასავლელი მეგობრები, ევროპელები, მაგრამ ამას ვერ ხედავს ღარიბაშვილი, რომელსაც ეს პოლიტიკური პარტია ჰგონია, სამწუხაროდ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დაკავდნენ საქართველოს ინტერესების დაცვით. დღეს, უკრაინამ შეძლო და შეინარჩუნა ერთობა. უკრაინამ შეძლო ფსიქოლოგიური უპირატესობის მოპოვება ომში და შეძლო ფიზიკური უპირატესობისაც იმიტომ, რომ მიმდინარეობს კონტრშეტევა და ამ კონტრშეტევაში უკრაინა წინ წარმატებით იწევს“, – აცხადებს მამუკა მამულაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა მამუკა მამულაშვილის მისამართით განაცხადა: “არის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც არიან, დიახაც, სააკაშვილის ომის პარტიის მიერ წაყვანილი და ორგანიზებული. ზოგიერთი მათგანი დღესაც პარტიის მოქმედი წევრია… მამულაშვილი, რომელიც არის „ქართული ლეგიონის წევრი“… მისი და იყო ნაცმოძრაობიდან პარლამენტის წევრი. ეს ადამიანი ერთვება საერთაშორისო კონფერენციებზე. მე მინდა მივმართო მას, მამულაშვილს და მისნაირ ანგაჟირებულებს, მე ასე მესმის, თუ ადამიანი ომობ, ღმერთმა მოგცეს საშუალება და იომე, მაგრამ ეს პარტიული ჩართვები და პოლიტიკური განცხადებების კეთება ომის ფრონტიდან, მე არ ვიცი, რა არის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები