უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, პრემიერ-მინისტრის მიერ, უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.
მაჭარაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა ის საფრთხე გაიაზრა, რომელზეც უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორლიმაც ისაუბრა და რომელიც რუსეთიდან მომავალ შესაძლო საფრთხეს უკავშირდება.
“ქართული ოცნების” მთავრობამ, პრემიერ-მინისტრმა ის შესაძლო საფრთხე გაიაზრა, რაზეც ჯოზეფ ბორელმა ისაუბრა, ბორელმა პირდაპირ განაცხადა, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთიდან საფრთხე შესაძლოა საქართველოს დაემუქროს.
იმ ფონზე, როცა საქართველოც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მხრიდან და დეოკუპაციის პროცესი ვერ ჩქარდება, ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა და ეს პროცესი არ ჩერდება.
ამავდროულად, საქართველოს ელჩი და საელჩოს თანამშრომლები უკრაინაში რაკეტებისა და ტყვიების ფონზე მუშაობენ და ქვეყანას არ ტოვებენ. ჩვენ პარლამენტში ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის გავიღეთ სისხლი”, – თქვა მაჭარაშვილმა.
მისივე განცხადებით, ყველა საერთაშორისო ფორმატში, სადაც შესაძლებლობა ჰქონდა, საქართველო იმ ცივილიზებულ სახელმწიფოებს შორის დადგა, რომელმაც უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია დაგმო და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭირა მხარი.
