ის პოზიტიური მესიჯები, რომელიც მოვისმინეთ, არის ძალიან იმედის მომცემი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
“მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ქალბატონი მოგერინის ვიზიტის მნიშველობა. ეს არის მისი პირველი ვიზიტი საქართველოსა და მთელს რეგიონში. ასევე მინდა ვთქვა, რომ ის პოზიტიური მესიჯები, რომელიც მოვისმინეთ, არის ძალიან იმედის მომცემი. უშუალოდ მისი ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მედიაში არსებულ ვითარებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ის დრო, რაც იყო საქართველოში სამი წლის წინ, აღარასოდეს არ დაბრუნდება.
„ ჩვენი მთავრობა არის აბსოლუტურად ღია და კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ, რომ ყოველთვის იქნება უზრუნველყოფილი საქართველოში მედიათავისუფლება და სიტყვის თავისუფლება. ჩვენი მთავრობა დაგიცავთ თქვენ ჟურნალისტებს და ყველას ვინც მხარს უჭერს მედიათავისუფლებას. მთავარი არის ის რომ პოლიტიკისგან იყოს თავისუფალი მედია. ჩვენ მთავრობა არცერთ მედიასაშუალებას არ აკონტროლებს. ჩვენ ვაგრძელებთ ევროკავშირთან რეფორმებს და პროგრესს ინტეგრაციისკენ. ის რაც მოვუტანეთ ჩვენს ქვეყანას ამ მოკლე დროში, არავის არ შევაფერხებინებთ,“– განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.