იურისტი ლია მუხაშავრია თვლის, რომ 15 მარტს, როდესაც პრემიერ მინისტრს ბრიუსელში ოპოზიციასთან მიღწეული პროგრესით წარსdგება, მას სათქმელი არაფერი ექნება და ეს ქვეყანაში არასასურველ რეაქციას გამოიწვევს. ამის შესახებ მან „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.
„სამწუხაროა, რომ მოლაპარაკებების კუთხით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არავითარი პროგრესი არ შეინიშნება. გადაბრალება-გადმობრალება საქმის არსს არ ემსახურება, პირიქით მხარეები უნდა იყვნენ დაინტერესებული და განსაკუთრებულად ხელისუფლება, რომ ეს დიალოგი შედგეს და თუნდაც რაღაც ეტაპამდე მივიდნენ მხარეები.
ალბათ ღარიბაშვილს არ აქვს გამოცდილება, როდესაც ევროპული სტრუქტურის წინაშე მას როგორც პრემიერ მინისტრს უწევს გარკვეული ანგარიშის წარდგენა. ჯერჯერობით მას სათქმელი არაფერი აქვს. ეს გამოიწვევს არასასურველ რეაქციას ქვეყნის და პირადად მის მიმართ.
ასეთი ხელისუფლებისაგან ვეჭვობ, რომ ევროკავშირი შეეცდება მიღოს განაცხადი გაწევრიანებაზე“,-განაცხადა ლია მუხაშავრიამ.
შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტის დასრულებისას განაცხადა, რომ 15 მარტს ევროკავშირი–საქართველოს ასოციაციის საბჭოს შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციასთან მოლაპარაკების კუთხით პროგრესით უნდა ჩავიდეს.