ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ღაზის სექტორში მყოფ მებრძოლებზე იერიშის განკარგულება გასცა. ეს განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუმ დღეს გამართულ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გააკეთა.
„დღეს დილით გავეცი განკარგულება რომ ისრაელის არმიამ გააძლიეროს იერიში ღაზის სექტორში მყოფ ტერორისტულ ელემენტებზე“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისივე თქმით, მის ბრძანებით, ანკლავის საზღვრის სიახლოვეს სამხედრო ტექნიკა განთავსდება. ადგილზე გაგზავნეს ჯავშანტექნიკა, არტილერია და ქვეითებიც.
მანამდე ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ ღაზის სექტორის სამხრეთით სატანკო ბრიგადას აგზავნიან, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სამხედრო მოქმედებებში ჩაერთვება.
ისრაელის თავდაცვის არმიამ განაცხადა, რომ ღაზას სექტორიდან მათი მიმართულებით 200-ზე მეტი არამართვადი რაკეტა ისროლეს.
ისრაელის ტაქტიკურმა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა „რკინის გუმბათმა“ რამდენიმე ათეული ჩამოაგდო. ინფორმაციას რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ NewsOne Israel აქვეყნებს.
სარაკეტო შეტევის გამო, განგაში გამოცხადდა რამდენიმე დასახლებულ პუნქტში. შეტევა ისრაელზე მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ისმოდა აფეთქების ხმები.
ადგილობრივი პრესის ცნობით, ერთ-ერთი რაკეტა საცხოვრებელ სახლსაც მოხვდა, თუმცა იმის გამო, რომ ოჯახი პირველ სართულზე იმყოფებოდა, ყველა გადარჩა.
შეტევის საპასუხოდ ცახალმა ღაზას სექტორზე საჰაერო იერიში გუშინვე მიიტანა. დაიბომბა „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ ათეულობით ობიექტი. ისრაელის არმიამ გაანადგურა ერთ-ერთი მიწისქვეშა პუნქტი, სადაც „ჰამასი“ რაკეტებს ამზადებდა. ასევე, შეტევა განხორციელდა „ბურეიჯის“ ბატალიონის შტაბსა და რამდენიმე საწვრთნელ ბაზაზე.
ორივე მხარის იერიში დროს დაიღუპა ცხრა პალესტინელი და ერთი ისრაელელი.
საქართველოს საელჩო ისრაელში, ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ მიმართვას ავრცელებს.
“ისრაელის სახელმწიფოს სამხრეთ რეგიონში, განსაკუთრებით ღაზას სექტორის მიმდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში (აშქელონი, სდეროტი, აშდოდი, ნეტივოტი, ბერ შევა, ბეით კამა, კირიათ გატი) ვითარების ესკალაციის გათვალისწინებით, გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალყური განვითარებულ მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში იმოქმედოთ ისრაელის საგანგებო მდგომარეობის სამსახურის წარმომადგენლების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისა და პოლიციის მითითებების შესაბამისად”, – ნათქვამია მიმართვაში.
შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი +97236093206, +972526919092