ღია თავდასხმა მედიაზე – ასეთია ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეფასებები ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუზე.
ბიძინა ივანიშვილი რუსთავი2-სა და მის სარედაქციო პოლიტიკაზე საკმაოდ დიდხანს საუბრობდა. მისი განმარტებით, ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება, რომ ტელეკომპანიაში განსხვავებული აზრი შევიდეს. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ რუსთავი2-თან დაკავშირებით სახელმწიფო არაფერს გეგმავს, მათი მიზანი მხოლოდ იმას ემსახურება, რომ საზოგადოებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ რეალური ინფორმაცია ჰქონდეს.
„დიახ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია,“ – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი კახიანი.
განსხვავებულად ფიქრობენ ხელისუფლების ოპონენტები. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის ჰქონდა „რუსთავის 2-ის“ დახურვის მიზანი, თუმცა მან ეს ვერ შეძლო.
„ეტყობა ის გეგმა, რომელიც მას ჰქონდა დასახული, რომ რუსთავი 2 უნდა დახურულიყო, როგორც ჩანს, კიდევ მუშავდება,“ – ამბობს ზაალ უდუმაშვილი.
„ევროპულ საქართველოში“ ყოფილ პრემიერსა და მმართველი პარტიის თავმჯდომარეს მედიაზე თავდასხმის გამო აკრიტიკებს. ირაკლი კიკნაველიძის თქმით, ივანიშვილს რუსთავი 2 მტრად ჰყავს დასახული.
„მედიაზე მეკობრეობა“ – ასე აფასებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს და ამბობს, რომ ივანიშვილი ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაბრალებას რუსთავი 2-სთვის ცდილობს.
„თქვას, რომ ქვეყანას რუსთავი 2 მართავს და არა „ქართული ოცნება“. ეს სამარცხვინოც კია,“ – აცხადებს „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი.
„შენების მოძრაობის“ ლიდერის თქმით, ივანიშვილი „რუსთავი 2-ის“ მტრად წარმოჩენას ცდილობდა და არსებული პრობლემების სამაუწყებლო კომპანიისთვის გადაბრალებას შეეცადა.