საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას საპატრიარქოში უმასპინძლა.
ინფორმაციას საპატრიარქოს საპატრიარქოსთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„დღეს, 2021 წლის 8 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოს საპატრიარქოში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენთა დელეგაციას უმასპინძლა. კონგრესმენთა დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ კონგრესმენები: ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი), ასევე, აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს საპატიო კონსული ქალაქ სან-დიეგოში მელორ წიფურია.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს, როგორც მეგობარი ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხს. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრაზე წამოჭრილი თითოეული პრობლემა და წუხილი აუცილებლად იქნება მიწოდებული აშშ-ის შესაბამისი უწყებებისადმი; ამასთან, დასძინეს, რომ ისინი ძალ-ღონეს არ დაიშურებენ „ქართულ-ამერიკული მეგობრობის განვითარებისა და გაღრმავებისათვის“.
შეხვედრის დასასრულს უწმინდესმა და უნეტარესმა კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა ყურადღებისათვის, თანადგომისა და მხარდაჭერისათვის, დალოცა ისინი და ბრძანა: „ღმერთი იყოს მფარველი და მაკურთხებელი ამერიკის შეერთებული შტატებისა და მთელი მსოფლიოსი“.- აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.