LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღონისძიებების დაგეგმვა და წაყვანა როგორც კულტურა და როგორც ბიზნეს საქმიანობა

1069
ემილი გოგუა

ემილი გოგუა ის გოგოა, რომელიც სოციალური ქსელების „სქროლვისას“ საკუთარ ვიდეოებზე აუცილებლად მიგაქცევინებთ ყურადღებას. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მომხიბვლელი გარეგნობისაა ან იუმორის კარგი გრძნობა აქვს, ისეთი საქმიანობითაა დაკავებული და თან, ყოველგვარი გადაპრანჭული სიტყვების გარეშე რომ ვთქვათ, ისეთი პეწით უძღვება ამ საქმეს, რომ აუცილებლად მოინიშნავთ მის საკონტაქტო ინფორმაციას, უახლოეს მომავალში თქვენთვის მნიშვნელოვანი დღის ერთ-ერთ მთავარ გმირად რომ აქციოთ.

ემილი გოგუა ღონისძიების ორგანიზატორი და წამყვანია. წამყვანობა, თურმე, სულ უნდოდა. ბავშვობიდან ტელეჟურნალისტობაზე ოცნებობდა. ჩაუბარებია კიდეც ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, მაგრამ შემდეგ პიარისა და მარკეტინგის სფეროსადმი ინტერესს უძლევია და ტელეეკრანზე მოხვედრის სურვილიც გარკვეული დროით დაუთრგუნავს. შემდეგ იყო ბიზნესის ადმინისტრირებაში ცოდნის გაღრმავება და მაგისტრის დამსახურებული დიპლომი, სტუმარმასპინძლობის სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება და 2016 წელი, როდესაც განგებამ კარაოკეში მოახვედრა და აღმოაჩენინა, რომ ღონისძიების წამყვანობა იმაზე უკეთ გამოსდიოდა და იმაზე უფრო საინტერესო იყო, ვიდრე წარმოედგინა.

ადამიანი საქმეში დროთა განმავლობაში რომ ხელოვნდება, კარგად მოგეხსენებათ, ისიც შესანიშნავად იცით, რომ მას პროფესიონალად ჩამოყალიბებაში ზოგჯერ შეცდომებიც ეხმარება. მოდით, ერთად შევავლოთ თვალი წვეულებების სამყაროში ემილის მიერ განვლილ გზას და მისი საქმიანობის შიდა სამზარეულოშიც შევიხედოთ:

– დღესასწაულებს ცოტა ფილოსოფიურად ვუყურებ. ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც მიმყავს, კარგად უნდა იყოს ორგანიზებული, კერძოდ, მაგალითად, საქორწინო ცერემონიაში მონაწილე თითოეულმა პირმა ზუსტად უნდა იცოდეს თავისი დრო და ადგილი, თამადის და წამყვანის ურთიერთობა უნდა იყოს ჰარმონიული. წამყვანი დიდ ყურადღებას აქცევს მოვლენების ქრონოლოგიას, ფაქტობრივად, იგი შოუს პრინციპით უდგება საქმეს, ღონისძიების მსვლელობისას პერიოდულად შეაქვს სიახლეები სხვადასხვა თავშესაქცევი თამაშების სახით. მიხარია, რომ დღეს უკვე წყვილებისთვის უფრო მნიშვნელოვანია როგორ ჩაივლის მათი დღესასწაული, რომელიც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ვიდრე თუნდაც ის, რამდენად კარგად იქნებიან გამოწყობილნი წვეულებისთვის. ძალიან მინდა, საქართველოში წვეულების მაღალ დონეზე წაყვანის კულტურა დამკვიდრდეს, ის ერთგვარ ხელოვნებად იქცეს. ამიტომაცაა, რომ თითოეული ქორწილისთვის მოსამზადებლად, იქნება ეს სცენარის წერა, რეკვიზიტების მოძიება, მუსიკალური ფონების შერჩევა და სხვა დეტალები, 5-დან 8 საათამდე მჭირდება. ამის მიუხედავად, გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ყველა ქორწილს იდეალურად შეიძლება მაინც ვერ გავუძღვე. სხვისი თვალისთვის, შესაძლოა, ნაკლებად ჩანდეს, მაგრამ ჩემზე უკეთ არავინ იცის, სად რა შემეშალა დაძაბულობისგან. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ცოტა უნდა მოვეშვა და დიახაც, საკუთარი განწყობა გავყიდო. თუ გართობის განწყობა არ მაქვს და უბრალოდ მკაცრად გაწერილი რეგლამენტით მიმყავს ქორწილი, ის ისეთი კარგი ვერ გამოდის. გარდა ამისა, ვისწავლე არ მივაქციო ყურადღება სხვის მითითებებს ჩემ მიერ დაგეგმილ აქტივობებთან და პოზიტიური განწყობას აქტიურად გამოვლენასთან დაკავშირებით, როგორც სიზედმეტესთან.

– იმისთვის, რომ საზოგადოებამ კარგად გაგიცნოთ და ადამიანებმა საკუთარი დღესასწაულების წაყვანა მოგანდოთ, გარკვეულ პლატფორმებზე სწორად პოზიციონირებაა საჭირო. ამით, ფაქტობრივად, თქვენს საქმიანობას ფასს თავად ადებთ.

– დიახ, უხეშად რომ ვთქვათ, დღეს სოციალური ქსელი არის ის პლატფორმა, რომელიც მამუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიების შემდეგ, გამთენიისას შინ დაბრუნებულს აღარც ენერგია და აღარც განწყობა არ მაქვს ღონისძიებიდან ფრაგმენტები გავაზიარო საკუთარ გვერდებზე, დამატებით 2 საათს ვხარჯავ კონტენტის შესავსებად. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემთვის ჩემი საქმე საქმეა და არა გართობა, ამიტომ უნდა ვიყო სოციალური მედიის მენეჯერიც, უნდა შემეძლოს სარეკლამო ტექსტის შექმნაც, რეკლამირება, ადამიანებთან გამართულად კომუნიკაციაზე არაფერი რომ ვთქვა. როგორ გამოიყურები წვეულების დროს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და გამომწერები ამას დიდ ყურადღებას აქცევენ, მაგრამ ვიდეოების მეშვეობით ვცდილობ უფრო მეტად წარმოვაჩინო, როგორ ვსაუბრობ, რაზე ვსაუბრობ, ხმის როგორი ტემბრი მაქვს, თან ეს ყველაფერი უნდა იყოს მხიარული და მაყურებელი არ დაიღალოს. ყველაფერი ერთად საკმაოდ რთულია, მაგრამ ჩემი მიზანია, უფრო და უფრო მეტად დავიხვეწო.

რაც შეეხება მომსახურების საფასურს, ის საზოგადოების ყველა ფენისთვისაა ხელმისაწვდომი. წამყვანის მომსახურება არ არის ფუფუნების საგანი. ამიტომაცაა, რომ შეკვეთებს ვიღებ როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან. მავანნი მიიჩნევენ, რომ ზედმეტად ხელმისაწვდომი ვარ, რასაც არ ვეთანხმები, ეს არ არის იმდენად დაბალი თანხა, რომ ჩემი შრომის შესატყვისი არ იყოს და გარჯად არ მიღირდეს. ობიექტურად ვფიქრობ, რომ სავსებით მისაღებ ფასს ვთავაზობ ბაზარს.

– როგორც წამყვანი, რა ტიპის წვეულებაზე გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად და ღონისძიების გაძღოლა განსაკუთრებულად რომელ ქალაქში გსიამოვნებთ?

– თბილისში, თავისთავად ცხადია და ზუგდიდში. ზუგდიდს იმიტომ არ ვამბობ, რომ მეგრელი ვარ, ან შეიძლება ვამბობ კიდეც, მაგრამ ზუგდიდი ის ადგილია, სადაც ყველაფერში მოგყვებიან, ყველაფერი ესმით. რაც შეეხება წვეულების ტიპს, სკოლის გამოსაშვები საღამოს წაყვანა საოცარი ემოციებით მავსებს, აქ არის სილაღე, სიფერადე, აქ ბევრად უფრო მოშვებული ვარ, რადგან მომწონს ჯენზის თაობასთან ურთიერთობა, მხიბლავს მისი ინტერესები, მისი პირდაპირობა, ეს ახალგაზრდები არ თვალთმაქცობენ. ქორწილი ცოტა რთული წასაყვანია, რადგან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. კორპორაციული წვეულებებიც მეტ-ნაკლებად მიზიდავს, რადგან გასათვალისწინებელია კომპანიის მიზნები, რისთვისაც წამყვანს ცალკე მომზადება გჭირდება.

– როგორ ხედავთ მომავალში საკუთარ თავს ამ სფეროში, რა იქნება თქვენთვის მთავარი კიდევ უფრო მეტი წარმატების მისაღწევად?

– შეიძლება ღონისძიებების ორგანიზებაში გადავინაცვლო, უფრო ფართო სპექტრს მოვედო, რაც ნიშნავს იმას, რომ თავიდან ბოლომდე ჩავერთვები დაგეგმვაში, იქნება ეს ადგილმდებარეობის შერჩევა, სივრცის დიზაინი, ფოტო-ვიდეოგრაფისა და ბენდის შეთანხმება, ერთი სიტყვით, ყველა დეტალის მოგვარება. შეიძლება წამყვანობისთვის ნაკლები დრო დამრჩეს, მაგრამ პერიოდულად ვეცდები, რომ აუდიტორიასთან მაინც მქონდეს უშუალო ურთიერთობა, რადგან ხალხის ენერგია ჩემთვის მართლა საკვებია, შესაბამისად, წამყვანობის გარეშე, ალბათ, ვერ გავძლებ. მინდა გულწრფელად ვთქვა, რომ საკუთარი თავი მართლა ვიპოვე ამ სფეროში. შესაძლოა ვიღაცისთვის ეს საქმიანობა იყოს დასაძრახი, ქორწილების წაყვანა დიდ ვერაფერ მიღწევად ჩამითვალოს, მაგრამ მე ის უზომოდ მომწონს და დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

– რა რჩება თქვენთვის ჯერ კიდევ დიდ გამოწვევად ამ საქმიანობაში?

– ღონისძიებების დაგეგმვის და წაყვანის კულტურის დამკვიდრება. თუმცა მისასალმებელია, რომ ქართველებმა ვისწავლეთ თადარიგის დაჭერა, უკვე ჯავშნები მაქვს მომავალი წლის გაზაფხულისა და შემოდგომისთვისაც კი. მიხარია, რომ ნელ-ნელა უფრო და უფრო ორგანიზებულები ვხდებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g