“სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, გალის რაიონის სკოლებში მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ქართულ ენაზე განათლების მიღება აეკრძალათ.” – ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გრძელდება ოკუპირებულ რეგიონებში, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევა, რაც საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებს და პრინციპებს ეწინააღმდეგება.
სახელმწიფო მინიტრის აპარატში აცხადებენ, რომ მსგავსი უკანონო ქმედებები რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მრავალი წლის მანძილზე წარმოებული ეთნიკური დისკრიმინაციისა და რუსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს:
“სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებების მიუხედავად, გრძელდება ოკუპირებულ რეგიონებში, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებს და პრინციპებს.
მსგავსი უკანონო ქმედებები წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მრავალი წლის მანძილზე წარმოებული ეთნიკური დისკრიმინაციისა და რუსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის განადგურებას და მოსახლეობის სრულ ასიმილაციას ისახავს მიზნად.
გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების შემდგომ შეზღუდვასთან და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევის გამოვლინებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს კომუნიკაცია ყველა შესაბამის საერთაშორისო პარტნიორთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩათვლით, ასევე გააქტიურდა ცხელი ხაზიც.
საკითხი მთელი სიმწვავით იქნება განხილული 2021 წლის 12-13 ოქტომბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდზე.
ქართული მხარე ძალღონეს არ დაიშურებს და გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და სხვა ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.