პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ მზად არის, პარლამენტი დატოვოს, უმრავლესობის დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ეხმიანება.
როგორც ღუდუშაურმა განაცხადა, „გიორგი ვაშაძეს პარლამენტში თვითრეალიზების საშუალება არ მიეცა, რადგან იქ საცირკო წარმოდგენისთვის ადგილი არ არის“.
„როცა „გირჩი“ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მანდატის გამოყენებაზე უარს აცხადებდა, მიუთითა და ამაზე საკონსტიტუციო სარჩელიც კი შეიტანა, რომ სურდა „გლოვოს“ კურიერად ყოფილიყო დასაქმებული.
ახლა ბატონ ვაშაძეს, რომელმაც როგორც ჩანს, საკუთარი თავი ამოწურა და ვერ იპოვა, თვითრეალიზების საშუალება არ მიეცა, რადგან აქ საცირკო წარმოდგენისთვის ადგილი არ არის, ბატონმა ჯაფარიძემ უთხრა, რომ მისთვისაც არის ვაკანსია „გლოვოს“ კურიერად, შესაბამისად, ახლა უკვე გაერთიანებული ძალებით შემოასხდებიან „გლოვოს“ კურიერის „მოტოებს“ და კლიენტებს უფრო მალე და უკეთესად მოემსახურებიან.
ესეც დასაფასებელია, იქნებ იქ მაინც გააკეთონ რაიმე სასიკეთო საქმე. აქ ნამდვილად არც სივრცე და არც ადგილი არ არის არც ერთი კომიკოსისთვის და არც მეორე შოუმენისთვის. მართალია, მათი ჟანრები სრულიად განსხვავებულია საცირკო წარმოდგენაში, მაგრამ მათი ტანდემი „გლოვოს“ კურიერის ამპლუაში შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს“, – თქვა ალუდა ღუდუშაურმა.
შეგახსენებთ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად არის პარლამენტის დატოვებისთვის. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ამ სცენარს გუნდში განიხილავენ, რადგან ერთ გარემოში „პრორუსებთან ყოფნა აუტანელია“.