ქართული ღვინის რეალიზატორი კომპანია ”ღვინის ქურდები” საქართველოში ღვინის ბაზარს აფასებს და ამბობს, რომ ერთი ბოთლი ქართული ღვინის საექსპორტო ღირებულება 2.2$-ს შეადგენს, რაც ძალიან დაბალი ფასია. კომპანია აღნიშნულთან დაკავშირებით ”ფეიბუქის” ოფიციალურ გვერდზე წერს.
”ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს ექსპორტზე გავიდა 170 მილიონი დოლარის ღირებულების ქართული ღვინო, სულ 76.6 მილიონი ბოთლი. გამოდის, რომ ერთი ბოთლის ღირებულება 2.2$-ს შეადგენს, რაც ძალიან დაბალი ფასია ღვინის აკვნის სტატუსის და შეზღუდული წარმადობის გამო. ამასთან ერთად, ექსპორტირებული რაოდენობის დაახლოებით 25%-ს შეადგენენ ძვირადღირებული ადგილწარმოშობის ღვინოები ( ქინძმარაული, მუკუზანი, ახაშენი, ხვანჭკარა, ტვიში). ლოგიკურად, ამ ღვინოების გარეშე, ბოთლი ღვინის საშუალო ფასი 2.2$-ზე გაცილებით ნაკლები იქნება. ამასთან ერთად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი ჯიშის ღვინის მილიონობით ბოთლის წარმოება შეუძლებელია.
ახლა ორი სიტყვით ჩვენს ძირითად ბაზრებსაც შევეხოთ:
ჩინეთი – ჩინეთში ღვინის სმის კულტურა ფეხს ახლა იდგამს და ამ ბაზრის ათვისებაზე, ჩვენ გარდა, ბევრი ქვეყანაც ფიქრობს. სავარაუდოდ, დაბალფასიან სეგმენტში ქართული ღვინის წარმატება დროში მდგრადი ვერ იქნება, რადგან იქ უკვე არსებობენ უპირობო ლიდერები ( ჩილე, არგენტინა, მოლდოვა, ავსტრალია).
რუსეთი – ეკონომიკური ბერკეტების საოკუპაციო ინსტრუმენტად გამოყენება და მისი საბჭოთა კავშირის დროინდელი ემოციური კავშირი ქართულ “კომპოტთან” არასტაბილურია და ამავდროულად ხარისხის განვითარებას აფერხებს. ვფიქრობთ, რომ ხარისხში კომპრომისი არ უნდა დავუშვათ და ჩვენი ადგილის ძებნა შედარებით მაღალ საფასო / უკეთეს ხარისხობრივ სეგმენტში გავაგრძელოთ”, – აცხადებენ ”ღვინის ქურდებში”.
ცნობისთვის, კომპანია „ღვინის ქურდები“ მცირე მწარმოებლებს ღვინის ბრენდირება- რეალიზაციაში ეხმარება. ის მომხმარებელს სთავაზობს განსხვავებულ ღვინოებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ოჯახური მარნებიდან.