21 ივლისს რადიო “არ დაიდარდოს” და თაკო მელიქიშვილის გადაცემას “რადიო დუეტი” გია და ნინუცა დავითიანები სტუმრობდნენ, რომლებმაც მსმენელს მათი პირველი დუეტი, “ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი” წარუდგინეს.
დღეს თქვენი ერთობლივი სიმღერის პრემიერა გვაქვს. ნინუცა, აქამდე რატომ არ ჩანდი, აქამდე არასდროს გიფიქრია დუეტის ჩაწერაზე?
გია: ჩვენ, ეტყობა, ტრადიცია გვაქვს ასეთი, მე 45 წლის ასაკში დავიწყე. გამიღიმა ბედმა და მოვხვდი ანსამბლში, ლეგენდარულ ხმასთან, გურამ თამაზაშვილთან. ნინუცამაც ასეთ პერიოდში გადაწყვიტა სიმღერა, მართალია, 45 წლის არ არის, მაგრამ უკვე აბიტურიენტი შვილი ჰყავს. ამ სიმღერას ძალიან კარგად ღიღინებდა ნინუცა, მომწონდა ხმის ტემბრი. დამიჯდა ჭკუაში და ნინუცას ვუთხარი, მამა, დუეტი ხომ არ ჩავწეროთ-მეთქი. აქამდე არასდროს არაფერი ჩაგვიწერია. ამ პერიოდში ნინუცამ მოუმატა ღიღინს, თან საკმაოდ წარმატებით და დადგა დრო რაღაც ჩაგვეწერა. ეს არის ნოდარ ნიკოლაიშვილის სიმღერა, “ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი”, რომელსაც ზურა დოიჯაშვილი და ლელა წურწუმია ასრულებდნენ. თითქოს, მოვირგეთ ეს სიმღერა და ამიტომ გადავწყვიტეთ მისი ჩაწერა. სიმღერა გენიალურ ბიჭთან, რომა გიორგაძესთან ჩაიწერა, რომელიც ფანტასტიკური არანჟირების ავტორია. ვფიქრობ, მოეწონება მსმენელს.
ნინუცა, როგორი ემოცია გქონდა, როცა პირველად წახვედი სტუდიაში და როგორია შენი სამომავლო გეგმები, რადგან პირველი ნაბიჯი უკვე გადადგი, კიდევ უნდა ველოდოთ თუ არა შენგან ახალ ნამუშევარს?
გია: იცით, ეშინოდა, მამა, ვერ ჩავწერო. მე ვუთხარი, რას ვერ ჩაწერ, გადასარევად ჩაწერ-მეთქი და მართლა ასე მოხდა, სულ სამი სინჯის მერე ჩაიწერა. ვფიქრობ, გამოუვიდა.
ნინუცა: თავიდან ძალიან ვინერვიულე, მაგრამ მამაჩემმა თუ შემაფასა, რომ გამომივიდა… მსმენელს თუ მოეწონება, ძალიან გამიხარდება. საბედნიეროდ, ძალიან კარგი სამსახური მაქვს, ყოველდღიურად მაქვს სიმღერასთან შეხება და რაღაცნაირად ესეც მეხმარება. ახლა რომ უკან დავიხიო, ესე იგი, მაშინ კიდევ რაღაც სხვა პროფესია უნდა ამოვირჩიო და რა ვიცი, ვნახოთ, როგორ მოწონებას დაიმსახურებს ჩემი სიმღერა.
გია, რა ხდება თქვენს სოლო კარიერაში, თქვენს ანსამბლში და როგორია სამომავლო გეგმები?
გია: სოლო კარიერაზე რა გითხრათ, ნაკლებად ვარ დაკავებული, ხანდახან თუ მიწევს, როცა ისეთ სიტუაციაში ვარ, რომ სხვა გზა არ მაქვს. რაც შეეხება “ალილოს” ძალიან მაგარი პერიოდი გვაქვს. ახლა ვერ გავაჟღერებ, მაგრამ ძალიან კარგი შემოთავაზება გვაქვს. ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს სექტემბრისთვის. ძალიან ვაფასებთ ჩვენს მსმენელს, რომელიც გვერდით გვიდგას და ყოველთვის ანშლაგებია ჩვენს კონცერტებზე. გაგიჟდებით, კონცერტებზე 9-10 წლის ბავშვები სხედან ხოლმე, რომლებმაც ზეპირად იციან ჩვენი პროგრამა. დიდი იმედია, ეს თაობა რომ გისმენს, ქართული სიმღერა არ უნდა დაიკარგოს.
გია დავითიანი & ნინუცა დავითიანი – ვერ აგისრულე
გადაცემის აუდიოჩანაწერი
გია დავითიანი & ნინუცა დავითიანი. ვიდეო კოლაჟი