ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი სადავო დეპოლარიზაციაა, რომლითაც ევროკომისიის მიერ წაყენებული პირობების ჩამონათვალი იწყება. როგორც ცნობილია, ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების მთავარი გზავნილი და მოწოდება მწვავე დაპირისპირების ნაცვლად სწორედ პოლიტიკური თანამშრომლობა და ბრიუსელის მიერ მოთხოვნილი რეფორმების გარშემო ერთობლივი მუშაობაა.
ექსპერტ გია ხუხაშვილისთვის გაუგებარია, საერთოდ, რატომ მოხვდა დეპოლარიზაცია ამ ჩამონათვალში.
როგორც მან „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ აღნიშნა, პოლიტიკური პოლარიზაცია ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის არის დამახასიათებელი. მისივე თქმით, ამ პუნქტმა “გარკვეული შანსი მისცა ხელისუფლებას, რომ გარკვეული მანიპულაცია აწარმოოს და პირობების შეუსრულებლობა ოპოზიციას დააბრალოს”.
„ზუსტი თამასის განსაზღვრა, სადამდე ითვლება ეს დებატებად, პოლიტიკურ პოლემიკად და რის შემდეგ ითვლება პოლარიზაციად, ძალიან ძნელია. ამას ხელისუფლება ძალიან კარგად იყენებს. ისინი ამბობენ, რომ თუ არ დათანხმდა ოპოზიცია, რა ვქნა, ვერაფერსაც ვერ შევასრულებ ანუ უნდა რომ პასუხისმგებლობა პირობების შესრულებაზე ოპოზიციას დააკისროს და თქვას – დეპოლარიზაცია არ ხდება და ამიტომ სხვას ვერაფერს ვაკეთებ. ვთვლი, რომ ეს იყო შეცდომა, ვინაიდან პოლიტიკური პოლარიზაცია კრიზისის მიზეზი კი არა, კრიზისის შედეგია.
პოლარიზაცია ზუსტად იმიტომ ხდება, რომ დანარჩენი 11 პრობლემა არ არის მოგვარებული. თუ ეს პრობლემები ადეკვატურად მოგვარდა, პოლარიზაცია თავისთავად გაქრება. ამ პუნქტმა გარკვეული შანსი მისცა ხელისუფლებას, რომ გარკვეული მანიპულაცია აწარმოოს და პირობების შეუსრულებლობა დააბრალოს იმას, რომ აი, თურმე ოპოზიცია შენი ჭირიმე, შენ გენაცვალეს არ მელაპარაკებაო.
ვფიქრობ, რომ ევროკავშირის ეს პირობა ცუდად იყო გააზრებული და ხელისუფლების წისქვილზე დასხმული წყალია. დეპოლარიზაცია, როგორც პირობა, რას ნიშნავს გაუგებარია“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.
რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ პუნქტთან მიმართებითაც მსგავს პრობლემასთან გვაქვს საქმე, ვინაიდან ხუხაშვილის შეფასებით, ამ შემთხვევაში პერსონებზე – ვინ არის ოლიგარქი და ვინ არა, არ უნდა ვისაუბროთ, არამედ საჭიროა შეიქმნას სისტემური კანონი.
„თუ ჩაწერენ პირდაპირ იმას, რომ ოპოზიციაში მდიდარი ვინც არის, ისინი ოლიგარქები არიან, ეგ შანსია. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ მოხდეს დისტანცირება პოლიტიკის და ეკონომიკის პროცესის. ოლიგარქი არის ადამიანი, რომელიც თავის ფულს იყენებს იმისთვის, რომ ჰქონდეს გავლენა ხელისუფლებაზე და ამის მეშვეობით მოიპოვოს დამატებითი შემოსავალი. ოლიგარქი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვინც ხელისუფლებასთან არის დაახლოებული.
ოპოზიციონერი ოლიგარქად ვერანაირად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან მას არ აქვს მექანიზმი იმისა, რომ ხელისუფლებაზე ზემოქმედებით სიკეთე მოიპოვოს. მაგალითად, მოიგოს ტენდერი, შეასრულოს სახელმწიფო კონტრაქტები. ოპოზიციონერი ოლიგარქი საერთოდ, აბსურდია. ვერც ბიძინა ივანიშვილზე ვერ ვიტყვით ვერაფერს. ჯერ კანონი უნდა დაიწეროს და ვინ მოხვდება არეალში, ის აღმოჩნდება“, – განაცხადა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” გია ხუხაშვილმა.