LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია მურღულია „დედაენის“ სკოლებში დაბრუნებაზე: „ამგვარ გადაწყვეტილებას თავად იაკობიც მცირედ დამნდობი ღიმილით შეხვდებოდა…“

gia_murghulia

„დედაენის“ სკოლებში დაბრუნებასთან დაკავშირებული ინიციატივა საქართველოს პარლამენტმა მიიღო. სოციალურ ქსელებში კი ამ თემაზე დისკუსიაა გახსნილი. ცნობილი პედაგოგი, გია მურღულია წერს, რატომ არ არის მიზანშეწონილი „დედაენის“ სკოლებში დაბრუნება და ხედავს იმის აუცილებლობას, რომ იაკობ გოგებაშვილის შესანიშნავ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ახალი სახელმძღვანელო შემუშავდეს.

გთავაზობთ გია მურღულიას სტატუსს:

„იაკობ გოგებაშვილის დამსახურება ქართველთა მთელი თაობების წინაშე არის განუმეორებელი. “აი ია” არის გენიალური მიგნება. ანბანის სწავლების გოგებაშვილისეული მეთოდი (რომელიც არ არის ორიგინალური და ეფუძნება თავისი დროის მნიშვნელოვან მიღწევებს) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადა კულტურის სამინისტრომ და დაცულია დროის ხელყოფისგან. ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ:

  1. მეცხრამეტე ან თუნდაც მეოცე საუკუნის დასაწყისის სახელმძღვანელოთი თანამედროვე ქართულ სკოლებში არ უნდა ვასწავლოთ (ასეთი უცნაური აზრიც არსებობს) – ამგვარ გადაწყვეტილებას თავად იაკობიც მცირედ დამნდობი ღიმილით შეხვდებოდა. აღარაფერს ვამბობ იმის შესახებ, რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა პრაქტიკულად გაუგონარი “საგანმანათლებლო” ნაბიჯის მსოფლიოსთვის ახსნა და ძნელად დავიხსნიდით თავს “ჩამორჩენილთა” იარლიყის მოწებებისგან.
  2. ასევე, უკიდურესად გაჭირდება ისეთი კომისიის შექმნა, რომელიც დღეს მოქმედ დედაენათა ავტორთა ერთმანეთისგან დიამეტრალურად განსხვავებული პედაგოგიურ-საგანმანათლებლო ხედვების შეჯერებასა და კონსენსუსის გზით ახალი სახელმძღვანელოს მომზადებას შეძლებს. ამის შესაძლებლობა, იმ ურთიერთგამომრიცხავ ინტერესთა გათვალისწინებით, რომლებიც დღეს არსებობს, დიდი ალბათობით, გამორიცხულია.
  3. ის ვადა, რომელიც შესაძლოა დადგინდეს ახალი სახელმძღვანელოს მოსამზადებლად, ძალიან მცირეა (სხვადასხვა ავტორის სრული შეთანხმების პირობებშიც კი) ხარისხიანი შედეგის მისაღებად.
  4. კონკურსის გარეშე სრულიად წარმოუდგენელი და არაობიექტური იქნება ახალი სახელმძღვანელოს მიღება (მისი მომზადება რომც მოესწროს) და სკოლებში შეტანა, რადგან არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიღებული აქვს ანბანის სწავლების გოგებაშვილისეულ მეთოდს (და შესაბამისად შერჩეულ სასწავლო მასალას, რომელიც ამ მეთოდს – გავიმეორებ, იაკობამდე არსებულს – საქართველოსთვის აცოცხლებს) და არა რომელიმე დედაენას (ბოლოს გამოცემულია 1912 წელს. სულ, სხვადასხვა რედაქციით, გამოცემულია 33-ჯერ). აქედან გამომდინარე, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მთლიანი სახელმძღვანელოს მხოლოდ ერთი მესამედი ნაწილია და დანარჩენი ორი მესამედი (ვისი შექმნილიც უნდა იყოს) წინასწარ პრივილეგიას არ იმსახურებს.

რა თქმა უნდა, კარგი იქნება (ამის პრეცედენტები თუ მცდელობები დღესაც არსებობს), თუკი იაკობის შესანიშნავ გამოცდილებაზე დაყრდნობით რომელიმე საავტორო ჯგუფი თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნების შესატყვის სახელმძღვანელოს შექმნის ან უკვე არსებულ წიგნს დახვეწს, მაგრამ მანაც კონკურსის გზა უნდა გაიაროს.

საქართველომ, რა თქმა უნდა, იაკობის ღვაწლს სათანადო პატივი უნდა მიაგოს (მაგალითად, შეიძლება ცალკე დაიბეჭდოს და სკოლებს დაურიგდეს გოგებაშვილის დედაენის საანბანო ნაწილი), მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთრივ იაკობის მოთხოვნას წავუყრუოთ, სახელმძღვანელოს განვითარებისა და დახვეწის იდეაზე უარი ვთქვათ და ამ წიგნის ის ვერსია შევთავაზოთ თანამედროვე სკოლებსა და მოსწავლეებს, რომელიც აქტუალური ას წელზე მეტი ხნის წინათ იყო.

ჩემი აზრით, პარლამენტში წარდგენილ ინიციატივას, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების კეთილგანწყობა, ცხადია, არ აკლია, სერიოზული გააზრება და დახვეწა სჭირდება, რათა თავისთავად მშვენიერმა და საპატივცემულო განზრახვამ ნაკლოვანი სახე არ შეიძინოს“.

ფოტო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g