გია მურღულია სოციალურ ქსელში საბავშვო ევროვიზიის კონკურსთან დაკავშირებით საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს და საქართველოს წარმატებას ულოცავს.
მისი თქმით, საბავშვო ევროვიზია საქართველომ გამორჩეული ბრწყინვალებით ჩაატარა, გია მურღულია აღნიშნავს, რომ ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო წარმატებაა.
„საბავშვო ევროვიზიის კონკურსი საქართველომ გამორჩეული ბრწყინვალებით ჩაატარა და ეს დიდებული სანახაობა სამოცდაათმა მილიონმა მაყურებელმა იხილა მთელ მსოფლიოში – ვულოცავ ჩვენს ქვეყანას“, – წერს გია მურღულია.
ის განსაკუთრებულად უსვამს ხაზს ქართველი მონაწილე ანიტა აბგარიანის წარმატებას.
„ჩვენმა ანიტა აბგარიანმა, უნიჭიერესმა გოგონამ ძლიერი და მომხიბლავი ხმით, ახალი გამარჯვება მოუტანა საქართველოს – დიახ, ეს მორიგი გამარჯვებაა, როდესაც ასეთი დიდი კონკურენციის პირობებში მესამე საპრიზო ადგილს მოუპოვებ შენს სამშობლოს.
ყოველთვის პირველ ადგილზე ვერ გახვალ, მაგრამ როცა მუდმივად ფავორიტი ხარ, ეს უკვე ფაქტორია“, – წერს გია მურღულია.
