LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა ბოკერია „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს: „ვერ დავრჩები ვერც ამ სიაში და ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში“

167
გიგა ბოკერია

„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტი – ვერ დავრჩები ვერც ამ საპარლამენტო სიაში და ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ“, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ბოკერიამ თქვა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი პარტიაში უთანხმოება პრაიმერიზის ჩატარების წესმა გამოიწვია.

როგორც მანვე აღნიშნა, ამ თემაზე დაპირისპირებამ, პარტიის გენერალურ მდივანთან, აკაკი ბობოხიძესთან და მის მხარდამჭერ გუნდთან, სრულიად მოულოდნელი ფასეულობითი კონფლიქტი გამოავლინა.

„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ევროპულ საქართველოში შიდაპარტიული პრაიმერიზი დასრულებულია – ჩემი აზრით, ყველა ხარვეზის მიუხედავად, ეს იყო უაღრესად დადებითი პროცესი – წინასწარ რეგისტრირებულმა დელეგატებმა აირჩიეს პარტიის საპარლამენტო სია, რაც ძალიან იშვიათი პრეცედენტია ქართულ პოლიტიკურ კულტურაში.

კონკურენცია იყო საკმაოდ მწვავე, რაც რეალური პრაიმერიზისთვის სრულიად ნორმალურია. თუმცა, სამწუხაროდ, პარტიის ერთი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა როგორც პრაიმერიზის შედეგები, ისე განსაკუთრებით, ჩემი, პარტიის თავმჯდომარის პოზიცია პრაიმერიზში მონაწილე გუნდებთან დაკავშირებით.

კერძოდ, მე მხარი დავუჭირე პრაიმერიზში მონაწილე იმ გუნდს, რომელმაც ლომის წილი შეიტანა ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში და პარტიის ახალი შინაარსის შექმნაში, რამაც ევროპული საქართველოს მხარდაჭერა საგრძნობლად გაზარდა და ეს ჩვენი კონკურენტების კვლევებითაც დასტურდება.

ამას გარდა, აზრთა არსებითი სხვადასხვაობა გამოიწვია საკითხმა, თუ ვის უნდა ჰქონოდა პრაიმერიზში მონაწილეობის უფლება. ჩემი პოზიციით, და პარტიის თავდაპირველი შეთანხმებით, ეს მხოლოდ იმ პირებს უნდა შესძლებოდათ, ვინც არ ერიდება „ევროპული საქართველოს“ მიმართ მხარდაჭერის საჯაროდ დაფიქსირებას.

სამწუხაროდ, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა, გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ და პოლიტსაბჭოს წევრების უმრავლესობამ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პრაიმერიზში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონოდათ გადაუწყვეტელ ამომრჩევლებსაც, რომლებსაც არ სურდათ ევროპული საქართველოს მკაფიო, საჯარო მხარდაჭერა.

ამ ყველაფერმა პარტიაში სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია, მათ შორის, დაისვა თავმჯდომარის ანუ ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი.

მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ვთვლი, რომ დღევანდელ ვითარებაში, როდესაც „ევროპული საქართველოს“ წინააღმდეგ მიმდინარეობს კამპანია “ხმების გაფლანგვის და რეჟიმისთვის ჩუქების“ თაობაზე, ამ დაპირისპირების გაღვივება, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ის, შეუძლებელს ხდის როგორც ამ პროპაგანდის განეიტრალებას, ისე პარტიის მხრიდან წარმატებული საარჩევნო კამპანიის ჩატარებას.

რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ისედაც ბევრია ისეთი პარტია, რომელიც ატყუებს საკუთარ ამომრჩეველს, ისედაც ბევრია ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს ერთს, აკეთებს მეორეს.

„ევროპულ საქართველოს“ შეეძლო საზოგადოებისთვის ამ მანკიერი პრაქტიკის ალტერნატივა შეეთავაზებინა. სამწუხაროდ, პარტიის ხელმძღვანელების ნაწილმა გადაწყვიტა, რომ არჩეული კურსიდან გადაეხვია და სწორედ ამიტომ ჩვენი გზები აქ იყოფა.

მე ვერ ავიღებ შექმნილ ვითარებაში პასუხისმგებლობას ამომრჩევლის წინაშე ამ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ევროპული საქართველოს თავმჯდომარის პოსტი და შესაბამისად, არ დავაყენო ჩემი კანდიდატურა 11 აგვისტოს დანიშნულ პარტიულ ყრილობაზე.

ამასთან ერთად, ამ დაპირისპირებამ გამოავლინა ჩემთვის სრულიად მოულოდნელი ფასეულობითი კონფლიქტი ჩემს იქამდე უახლოეს პოლიტიკურ პარტნიორთან აკაკი ბობოხიძესთან და მის მხარდამჭერ გუნდთან. შესაბამისად, ვერ დავრჩები ვერც ამ საპარლამენტო სიაში და ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში.

პარტიის დღევანდელი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გენერალური მდივანი და მათი პოზიციის მხარდამჭერი პარტიის წევრები მიიღებენ შემდგომ გადაწყვეტილებებს საარჩევნო სტრატეგიასთან დაკავშირებით, პარტიის შიგნით დაპირისპირების გაღვივების გარეშე”. – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g