LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა ოთხოზორიას მკვლელობა თომას ჰამერბერგის მოხსენებაში ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება

99

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში დამოუკიდებელ ექსპერტს თომას ჰამერბერგს შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე თომას ჰამერბერგმა ოკუპირებულ აფხაზეთში მისი სტუმრობისა და ადგილზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარების თაობაზე ისაუბრა.

”მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი სოფელ ხურჩაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ მკვლელობაზე გააკეთა. მან ხაზი გაუსვა ბრალდებული პირის დაუყოვნებლივ დაკავების აუცილებლობას, რათა თავიდან იყოს აცილებული ყოველგვარი პროვოკაცია და ვითარების შემდგომი ესკალაცია. თომას ჰამერბერგმა აღნიშნა, რომ 19 მაისს მომხდარი მკვლელობა ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება მის მიერ აფხაზეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასებაში”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თომას ჰამერბერგი სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის დავალებით, დამოუკიდებელი ექსპერტის რანგში, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აფხაზეთის რეგიონში არსებულ ვითარებას შეაფასებს. ამისათვის იგი უკვე მეორე ვიზიტით ეწვია საქართველოს, რომლის ფარგლებშიც გაიმართა რიგი შეხვედრები თბილისში, ზუგდიდში, გალსა და სოხუმში.

ვიზიტის ფარგლებში თომას ჰამერბერგი საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. მისია ემსახურება ჰუმანიტარულ მიზნებს და ხორციელდება ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში.

პოპულალურები