LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ახობაძის წერილი ციხიდან: „დედა ჯერ ვერც ვიგლოვე, სიმშვიდეს ის მინარჩუნებს, რომ უკანასკნელად საშუალება მომეცა ჩავხუტებოდი და ისე გამეცილებინა მამასთან… მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც პანაშვიდის დღეს ჩემს გადაყვანაზე იზრუნა, ბოლო „ნახვამდის“ იყო ის, რასაც მერე ვეღარ გავაკეთებდი“

274
გიორგი ახობაძე

2025 წლის 7 დეკემბერს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 23 იანვარს პატიმრობაში დატოვა, ციხიდან წერილს ავრცელებს.

„შენ გთვლი მკვლელად! თქვენ გაზარდეთ პაციენტის ავადობის და სიკვდილობის რისკი… არ მომეცით საშუალება ჩემი ცხოვრების მთავარი პაციენტისთვის გამეწია ის დახმარება, რომელიც ჩემს ყველა პაციენტს აქვს გავლილი…“ – ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე პროკურორს

გიორგი ახობაძის გზავნილს, რომელსაც მისი და, მანანა ახობაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს, უცვლელად გთავაზობთ:

„გამარჯობა და გამარჯვება ყველა ჩემს გულშემატკივარს და თანამებრძოლს. დიდი ხანია წერილის დაწერა მინდა, მაგრამ ვერ ვაბამდი თავს. ალბათ იყო ემოციაც, ღელვაც, შფოთიც და კიდევ სხვა მიზეზებიც, რომლებსაც ჯერ ვერ ვხვდები, რაც ამაში ხელს მიშლიდა.

კომუნიკაციის ეს ფორმა ძალიან უჩვეულოა დღევანდელი დღისთვის, როცა მივეჩვიეთ სოციალურ ქსელებს და ამიტომაც ამასაც დამუღამება უნდა. წერილი თავისებური თხზულებაა, როგორც ჩანს, და ამაში სკოლიდან მოყოლებული უნიჭო ვარ. ჩემი ქართულის მასწავლებელი, კახა თოდაძე დამეთანხმება ამაში. აქვე, დროს ვიხელთებ და მას მოვიკითხავ. ერთ-ერთი დასამახსოვრებელი რაც სკოლიდან წამოვიღე, მისი ლექცია-გაკვეთილები იყო, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩვენი კლასის ქართველობის იდენტობის ჩამოყალიბებაზე. ამას მაშინ ნაკლებად ვხვდებოდი, მაგრამ ახლა რომ ვიხსენებ, ეს ცალსახაა. დიდი მადლობა ამისთვის კახა მას.

„დღეს დილით გიო საკუთარ სახლში, თავისი ოჯახის გარემოცვაში დაემშვიდობა დედას, გვიხარია, რომ ოჯახის წევრებმა შევძელით მისი ნახვა“ – დაკავებული გიორგი ახობაძის და

ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ თანაგრძნობისთვის და გვერდში დგომისთვის, რაც ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ გამოხატეთ იმ უმძიმეს დღეებში, როცა დედა გარდაიცვალა. ამას არასოდეს დავივიწყებ. სამწუხაროდ, მე ჯერ ვერც ვიგლოვე. ამის არც ადგილია აქ და არც დრო. ეს შიგნით გულში მაქვს შენახული, თავისებურ დახურულ ყუთში, რომელსაც მაშინ გავხსნი, როცა აქაურობას დავემშვიდობები. სიმშვიდეს ის მინარჩუნებს, რომ უკანასკნელად საშუალება მომეცა ჩავხუტებოდი და ისე გამეცილებინა მამასთან. დარწმუნებული ვარ, თუ რამე გრძელდება დედამიწაზე სიცოცხლის შემდეგ, ისინი ერთად არიან ახლა და ჩახუტებულები. არ შემიძლია და არასწორი ვიქნები მადლობა არ გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ჩემს გადაყვანაზე იზრუნა პანაშვიდის დღეს. არც ამას დავივიწყებ არასოდეს, იმიტომ რომ ეგ იყო ის, რამაც დამტოვა „ცოცხლად“. ეს ბოლო „ნახვამდის“ იყო ის, რასაც მერე უკვე ვეღარ გავაკეთებდი. დანარჩენი ჩემს „გულის ყუთშია“ და როცა დრო მოვა გავხსნი.

ბოლო ერთი წელი ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტს [დედას] ვუვლიდი…თავს არ ვცნობ დამნაშავედ, ეგ რაღაცა, რასაც მედავებიან ჩემს ჯიბეში მე არ მომითავსებია, მათ მოათავსეს“ – გიორგი ახობაძე სასამართლო პროცესზე

ჩემს გულის ნადებს გავაგრძელებ ჩვენს საერთო ბრძოლაზე და საქმეზე საუბრით. ალბათ ამას ყველა გრძნობთ, ხედავთ და ხვდებით, რომ ჩაისახა და ძალას იკრებს, ის მრავალფეროვანი ერთობა, რომელსაც ამდენი ხანია ყველა ველოდებოდით. ერთი დიდი ბირთვი იკვრება, რომელსაც ქართული სახელმწიფოს ძრავის ფუნქცია უნდა დაეკისროს.

იმის გამო, რომ ათწლეულებია საბჭოთა საქართველოს ნანგრევებში დავაბიჯებდით, ბევრი ადამიანი ჩვენ ირგვლივ უიმედობაშია ჩავარდნილი. მახინჯ წრეზე გვაქვს ნაბოდიალები 90-იანებიდან მოყოლებული. როგორც ჩანს, არ გვქონდა ნაგრძნობი ის, რას ნიშნავს იყო სახელმწიფოს ნაწილი, როგორ უნდა იპოვო სხვა ნაწილები, იპოვო საერთო და ააშენო ერთი მთლიანი. ახლა ვინც გარეთ ვდგავართ, ვართ ქართული სახელმწიფოს „ფაზლის“ ის ნაწილები, რომლებმაც უნდა ჩვენი ერთობით და დაუღალავი ბრძოლით სხვა ამ ფაზლის იმედგაცრუებულ ნაწილებს ვანახოთ და დავაჯეროთ კვლავ, რომ ჩვენ ქართველებს შეგვიძლია ავაწყოთ ერთობა, მოვიტანოთ რეალური ცვლილებები და შემდეგ ვიზრუნოთ სახელმწიფოს პროგრესის უწყვეტობაზე. ჩვენ ვართ ისინი, ვინც დანარჩენებს უნდა გავუღვიძოთ იმის რწმენა, რაც გერბზე გვიწერია – „ძალა ერთობაშია“. ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც ამიერიდან აღარცერთ მთავრობას არ მისცემს საშუალებას, ირბინოს მოქალაქეების თავებზე. ჩვენ ბევრ რამეს ვსწავლობთ ახლა. მთავარი, რაც უნდა გვამოძრავებდეს, არის სოლიდარობა და ემპათია თითოეული ჩვენი გვერდში მდგომის მიმართ. ზუსტად ამის დეფიციტმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ახლა ვართ – პოლარიზებულ ჭაობამდე. ნაწილი ჩვენგანი წინა ხელისუფლების დროს ვერ ხედავდა სხვის ჭირს, ნაწილი ახლა ვერ ხედავს, ნაწილი ორივე პერიოდში ხედავდა, მაგრამ საიმედო თანამებრძოლს ვერ პოულობდა და დანებდა.

ასე მგონია და ვგრძნობ, რომ ეს მოძრაობა რაც დღესაა, არის ის ბოლო შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. დღეს ჩვენი დანებება გამოიწვევს ისეთ მენტალურ და იდენტობის მარცხს ამ ქვეყანაში, რომ თაობები დასჭირდება ახალი შანსის გაჩენას. ძალიან ბევრი ამ ქვეყანაზე შეყვარებული, მაგრამ უიმედოთ მყოფი ქართველი გვიყურებს და იმედი მაქვს, ნელ-ნელა იჯერებს ჩვენი ბრძოლის გულწრფელობას და უწყვეტობას. ამიტომ ჩვენ ეს გზა უნდა გავიაროთ ბოლომდე!!! ჩვენ უნდა შევქმნათ ის დიდი გუნდა, რომელიც დაეშვება, გადიდდება და წალეკავს საბჭოთა ნარჩენებს ქართულ ცნობიერებაში და ცხოვრების ფორმაში.

ბრძოლა იქნება ბოლომდე!

ორი სიტყვა აქაურობაზეც მინდა დავწერო. გამოგიტყდებით და აქ მოხვედრის ძალიან მეშინოდა. მეგონა ციხის კართან მთავრდება სიცოცხლე. შეიძლება ეს ასეთი შეგრძნებაც იყოს, როცა აქ დანაშაულის გამო ხვდები. ეხლა ვგრძნობ, რომ არაფერიც არ მთავრდება, ეს შიში არ იყო სწორი. საოცრად მშვიდად და შემართებით ხარ, როცა იცი, რომ მართალი ხარ. ერთადერთი, რაც მაკლია, ჩემი სოციალური ქსელებია და ჩემი ტანი რუსთაველზე თქვენთან ერთად. დანარჩენი ყველაფერი ისევ აქაა ჩემთან ერთად და არც ერთი წამით არ ვაპირებ არც უკან დახევას, არც გაჩერებას. სულ რომ გვირაბის გათხრა დამაბრალონ ბომბეიდან ლონდონამდე, წერონ და იკითხონ!

ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ჩემს ბრალეულობას დაამტკიცებს და ჩემს ციხეში ყოფნას გაამართლებს!

იმედი მაქვს, მალე შემოგიერთდებით ფიზიკურადაც!

ჩემი სოლიდარობა რეჟიმის ყველა ტყვეს! ბრძოლა ბოლომდე!“ – წერს გიორგი ახობაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

George Akhobadze -ის წერილი ციხიდან: გამარჯობა და გამარჯვება ყველა ჩემს გულშემატკივარს და თანამებრძოლს. დიდი ხანია…

Posted by Manana Akhobadze on ოთხშაბათი, 12 თებერვალი, 2025

„დაკავების მომენტში, მარცხენა ჯიბეში ჩამიდეს ნარკოტიკი, ვიგრძენი ჩადება, მერე გადამიყვანეს რამდენიმე მეტრით ხესთან, ხელები ამაწევინეს და იქ დაიწყეს ოფიციალური ჩხრეკა“ – აქციის მონაწილე ექიმი გიორგი ახობაძე

ცნობისათვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g