თბილისის საქალაქო სასამართლოში „მტკვარი ჰესის“ საქმეზე, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
წინასასამართლო სხდომაზე სიტყვით ისარგებლა თავად გიორგი ბაჩიაშვილმა და მან შეკითხვით მოსამართლესა და პროკურორს მიმართა.
„ჩემთვის გაუგებარია, რა დავაშავე. რაში ვიყავი გულგრილი, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია? მეორე მუხლი – სახელმწიფოს რა ზიანი გამოიწვია, კერძო პროექტი იყო. ბატონო მოსამართლე, პროკურორო, განმიმარტეთ, რატომ ვზივარ ამ დარბაზში, რატომ ვიმყოფები აქ?“- განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი ბაჩიაშვილი ასევე მსჯავრდებულია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში. მას ამ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გიორგი ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა მისჯილი.
