დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
როგორც სიტყვით გამოსვლის დროს გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა, ის საქმეები, რომლებიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს, არ ასახავს მართლმსაჯულებას და ეს არის დაშინება.
გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, თუ საქართველოში სამართალს ვერ იპოვის, ის დავას ევროპულ სასამართლოში გააგრძელებს.
„ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს. ამ ყველაფერს სამართლიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამ საქმეებში პირდაპირ ჩანს, რომ კულუარებში პარალელური პროცესი მიმდინარეობს, სადაც იღებენ გადაწყვეტილებებს, თუ როდის რა საქმე უნდა განიხილონ.
წინა სასამართლო ვერ იქნება მიჩნეული თავისუფლად. ის საქმეები, რომლებიც ჩემ წინააღმდეგ მიმდინარეობს, არ ასახავს მართლმსაჯულებას, ეს არის დაშინება. ეს კი მომჩივნის დაკვეთა იყო და ამ დაკვეთის გარშემო მიმდინარეობს საქმე.
ბიძინა ივანიშვილს არასდროს არ ეკუთვნოდა ბიტკოინი. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ინვესტორი იყო. ბიძინა ივანიშვილისგან ნასესხები თანხა, მე მას 1 წელიწადში დავუბრუნე. სასამართლომ კი მითხრა, რომ ბიძინა ივანიშვილი ინვესტორი იყოო. შემდეგ დადგინდა, რომ თურმე მესაკუთრე ყოფილა. ივანიშვილის დაკვეთა იყო, რომ მაქსიმალურად თანხის გამოძალვა მომხდარიყო.
მე მას [ბიძინა ივანიშვილს] არ წავყევი ანტიდასავლურ პროპაგანდაში, რომელსაც ზაზა შათირიშვილი ავრცელებს. ასევე, მე მედავებიან „მტკვარი-ჰესის“ საქმესა და 2014 წლეს ჩადენილ გულგრილობას.
მომიწია ქვეყნის დატოვება, უტყუარი ინფორმაციის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, ჩემი ციხეში გაჭყლეტა იგეგმებოდა. შემდეგ აბუ-დაბიში მომიტაცეს და ტომარაჩამოფარებული ჩამომიყვანეს. ტერორისტიც რომ იყოს ადამიანი, მას ადვოკატის ნახვის უფლება ხომ უნდა ჰქონდეს, მხედრიონის დრო ხომ არ არის? ციხეში ჩემი გაჭყლეტა მოხდა, როდესაც ჩემზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა.
ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობდა პროპაგანდა, რომელსაც ქვეყნის პირველი პირველი პირები ეწეოდნენ.
დავალება იყო მიცემული, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. მე ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებებით ვერ ვსარგებლობ, აქ თუ სამართალს ვერ ვნახავ, ევროპულ სასამართლოში წავალ“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლემ გიორგი ბაჩიაშვილი დამნაშავედ ცნო ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებაში – როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.
თანხის მითვისების ნაწილში, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182 -3 ,,ბ” და 194 – 3 ,,გ” ნაწილებით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.