LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ბოჭორიშვილი: „არ მინდა, ზაზას მიმართ სიმპათია გამიჩნდეს!..“

bochorishvili

გიორგი ბოჭორიშვილი რადიო „ფორტუნას“ ესტუმრა თათა სადრაძის გადაცემაში მონაწილეობისთვის. Fortuna.ge-მ დრო იხელთა და მსახიობთან, რომელიც ახლა განსაკუთრებით პოპულარულია „ჩცდ“-ში შესრულებული ზაზას როლით, ინტერვიუ ჩაწერა.

სოსო ხვედელიძესთან ვისაუბრეთ ბევრი იმაზე, როგორ რეალისტურად აღიქვამს „ჩცდ“-ს პერონაჟებს, ალბათ, შენ, როგორც სერიალის დიდი ხნის მონაწილემ, ეს ყველაზე კარგად იცი…

გიორგი ბოჭორიშვილი:

იმდენი ხანია, ეს გრძელდება… უბრალოდ, ეს გმირი მაყურებელს ასეთ განსაცდელში არ უნახავს. არ ვიცი, რა მიზეზია, მაგრამ პერსონაჟსა და მსახიობს შორის განსხვავებას ვერ პოულობენ. ალბათ, ფილოსოფიური ახსნაც ექნება და ფსიქოლოგიურიც.

რას გეუბნებიან პირადად ამაზე და კომენტარებს თუ ეცნობი?

სხვათა შორის, ვკითხულობ, რადგან მაინტერესებს. ადრეც ვკითხულობდი და ამის გადალახვა მიწევდა. ზაზა ცოტა უხეში, ფსიქოლოგიურად მოძალადე იყო, ხშირად, გმირიდან გამომდინარე, ძალიან მაგრად მლანძღავდნენ მე, პირადად. ვკითხულობდი, რომ ეს გადამელახა, როგორც შხამს ეჩვევი (იღიმის). მაყურებლის ნაწილისთვის არსებობს ის გმირი და არა შენ. თუკი სხვაგან ჰყავხარ ნანახი, ალბათ, ნაკლებადაა ასეთი დამოკიდებულება.

როცა მე ფილმს ვუყურებ, მსახიობზე შეიძლება ვთქვა, რომ კარგად ითამაშა ან კარგი სცენაა. როგორც ჩანს, დიდი ნაწილი სხვანაირად უყურებს. რა ვიცი, ესეც გასაგებია ჩვენს ქვეყანაში (იღიმის).

ფინალურ სერიას შევხოთ. საზოგადოების ნაწილი ამბობდა, რომ ზაზას ბოლო მესიჯი არ უნდა მიეწერა ქეთისთვის. შენ როგორი განვითარება გინდოდა?

არანაირი განვითარება არ მინდოდა. როგორც განვითარდა, ჩემი აზრით, ეს ძალიან საინტერესო იყო. ზაზასთვის, როგორც პერსონაჟისთვის, მნიშვნელოვანი გარდატეხაა, შესრულების თვალსაზრისით, ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის – საინტერესო.

როგორც მაყურებელმა, როგორი დასკვნა გამოიტანე?

როგორც მაყურებელმა?! არ გამომაქვს დასკვნები. სერიალს ვუყურებ, მაგრამ არა როგორც მაყურებელი, უფრო პროფესიული კუთხით – ეს სცენა კარგი იყო, ეს სცენა – ცუდი და ა.შ.

ფიქრობ, რომ რომელიმე სცენას უკეთესად ითამაშებდი?

ყოველთვის შეიძლება უფრო მეტის გაკეთება, ვიდრე გაკეთებულია. რაც უნდა გავაკეთო, დაუკმაყოფილებლობის განცდა სულ მაქვს. ამ შემთხვევაში უკმაყოფილო არ ვარ, რადგან მაყურებლამდე მივიდა ემოცია და დამაჯერებელი იყო.

თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილის შეფასებით, კიდევ ერთხელ აღმოგაჩინა, როგორც მსახიობი და პლუსი დაგიწერა.

გულწრფელად რომ ვთქვა, ერთი მხრივ, ასეთი შეფასება ძალიან სასიამოვნოა. არა მხოლოდ ლაშამ, ბევრმა სხვამაც დაწერა და არ მინდა ამაზე ვრცლად საუბარი. იმ ადამიანების აზრი, რომლებიც ამ სფეროში ერკვევიან და აქ მოღვაწეობენ, ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, ბევრი მეგობრობის თხოვნა მომდის, ბევრი შეფასება, და ხვდები, რომ ეს შეიძლება, იყოს მაგარი საცდური. შეიძლება, ეს რეალობად მიიღო. მაყურებელმა და საზოგადოებამ შეიძლება, „გაგაფუჭოს“. ეს დღეებიც, ხან რომელ ტელევიზიაში მივდივარ, ხან – რომელში. არ მინდა არსად წასვლა, რადგან არ მიყვარს ტელევიზია.

ამასთან, პოპულარულ ტელესერიალში მონაწილეობ…

ეს არაა გასაკვირი, რადგან ჩემს პროფესიას უკავშირდება. სხვაგან გამოჩენას, ინტერვიუებს, თავისი ასე ვთქვათ, დოვლათი მოაქვს, მაგრამ პროფესიას არ უნდა დაგაშოროს. მსახიობს პროფესიისგან დისტანცირებას უკეთებს, მსახიობმა კი მხოლოდ შენი საქმე უნდა აკეთო, სხვა რაღაცების შეთავსება რთულია.

როცა ზაზას მსგავს პერსონაჟს ასრულებ, მერე რთულია რეჟისორებისგან სხვა ტიპის როლების მიღება?

მე გამიმართლა. ფილმებშიც ვთამაშობ. რაღაცნაირად ერთმანეთს მიეწყო, რამდენიმე ფილმში გადამიღეს. ქვეყნის შიდა ბაზრისთვის შეიძლება, ხელის შემშლელი იყოს, სტერეოტიპულად რომ ყალიბდება როლი, რადგან მაინც ყველასთვის ზაზა ხარ. საბედნიეროდ, არიან ადამიანები, ვინც ზაზას მიღმა ხედავენ სხვა რაღაცებს. თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტში“, მანამდე გიგიშა აბაშიძის „მეზობლებში“ გადამიღეს, სანდრო კობერიძის ფილმშიც მივიღე მონაწილეობა. ამიტომ არიან ადამიანები, რომლებიც სერიალზე არ ახდენენ სწორებას და თავისას სხვანაირად ახორციელებენ.

ყველა მსახიობს უნდა, უცხოურ პროექტშიც მიიღოს მონაწილეობა და ქვეყნის გარეთ არაფერს გიშლის, ზაზა ხარ თუ პეტრე, იქ არავინ იცის…

დადებითი და უარყოფითი მხარე რომ ავიღოთ, სერიალში მონაწილეობას მაინც უფრო მეტი პლუსი აქვს, ვიდრე ხელის შემშლელი ფაქტორი. ჩვენს ქვეყანაში უნიკალური შესაძლებლობაა, რადგან თითქმის არაფერი ხდება, საკუთარი თავის რეალიზების.

ვის აზრს ელოდები, როცა გადაღება დასრულდება, ყველაზე მეტად?

სიმართლე გითხრა, არავის აზრს არ ველოდები. თავად ვუყურებ სხვა მსახიობებს, ვუსმენ ინტერვიუებს, ვხვდები, რა სტადიაში არიან, როგორ აკეთებენ თავიანთ საქმეს. სიმართლის ხარისხის შეგრძნება მაღალი მაქვს. ვინც უნდა მითხრას, კარგიაო, მე ყველაზე უკეთ ვგრძნობ. თუკი კარგს მეტყვიან, შეიძლება, ამან შემაგულიანოს, მაგრამ მე ხომ ვგრძნობ, რა არის მაქსიმუმი და რა მაქვს გასაკეთებელი. სწორებაც ამაზე მაქვს. თუკი სადღაც ადამიანები ამას აკეთებენ, შენც შეგიძლია, რომ გააკეთო. ჯობს, კარგ არტისტებს შეედარო.

ამის მიუხედავად, მყავს რამდენიმე მეგობარი, ამავე სფეროდან, ზოგიც სხვა სფეროდან, და მათი რჩევები ფუნდამენტური და მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი მათგანი სცენარისტია, ერთად ვმუშაობდით სპექტაკლზე და ჩემთვის დეტექტორია, მას ვკითხავ და ვიცი, რომ არ მოტყუვდება.

როცა როლზე მუშაობ, პერსონაჟთან გამაერთიანებელ თვისებებს ეძებ?

ამას უფრო ინტუიციას ვუკავშირებ და არ ვეძებ ლოგიკურ მიზეზებს, რომ გავამართლო. თუ სცენარი კარგად არის დაწერილი, ცდილობ, ემოციურად აღმოჩნდე გმირის მდგომარეობაში.

ზაზასთან რა გაერთიანებს?

მენტალურად და იდეურად რა მაერთიანებს, არ ვიცი, ფაქტია, რომ ვასახიერებ და ვერგები მას, ცოტას მისას ვიღებ, ძირითადად, მისი ყალიბია, მაგრამ ჩემი განცდებია, ჩემი თვალებია…

სიმპათია გაგიჩნდა მის მიმართ?

როგორც გმირის მიმართ, ორი სეზონის წინ, მანქანით რომ დაეჯახა გოგოს, ინტერესი უფრო მეტად გამიჩნდა, რადგან მის სიღრმეებში ჩასვლის საშუალება მომეცა. სიმპათია გამიჩნდა თუ არა, არ ვიცი… გამიჩნდა. ეს როგორ უნდა ვთქვა, ჩემი თავის მიმართ გამიჩნდა სიმპათია (იღიმის)?

ანუ შენც გააიგივე თავი პერსონაჟთან?

არ გამიიგივებია, უბრალოდ, არ მინდა, რომ ჩემი პერსონაჟის მიმართ სიმპათიებით ვიყო…

ეს არ არის ცუდი… ხომ არსებობს კითხვა, რას ვერ აპატიებდით ადამიანს? და ხშირად პასუხობენ ხოლმე – ღალატს. შენ როგორ უპასუხებდი ამ კითხვას?

ვერაფერზე ვიტყვი, ვის რას ვაპატიებ. არ ვიცი, ვარ თუ არა მიმტევებელი… ღალატი ისეთი რამეა, ყველაზე მტკივნეულია, როცა ახლობელი ადამიანი გიღალატებს. არ არის აუცილებელი, საყვარელზე ვისაუბროთ, ზოგადად… ყველაზე მეტად იმედგაცრუებული, ალბათ, ამ მომენტში ხარ, შესაბამისად, ყველაზე სასოწარკვეთილი და რას იზამ ასეთ დროს, არავინ იცის…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g