„საქართველოს ხმის“ მორიგი კონკურსანტი, რომელმაც ჟიურის და მაყურებლის დადებითი შეფასება დაიმსახურა, ქუთაისელი გიორგი ჭიალაშვილია. მისი მეუღლე, ლალიტა ლომთაძე ასევე მომღერალია. წყვილი ერთად გამოდის ერთ-ერთ რესტორანში. გიორგისა და ლალიტას ორი ბიჭი ჰყავს, გიორგის პირველი ქორწინებიდან ასევე ჰყავს ბიჭი. ამაყობს, რომ სამი შვილის მამაა. ცოლ-ქმარს „რუსთავი 2“-ში შევხვდით და მათ კარიერაზე, ცხოვრებაზე, გულშემატკივრების დიდ არმიასა და მუსიკალურ კონკურსზე ვესაუბრეთ.
გიორგი:
მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე დგომის დიდი გამოცდილება მაქვს, რაც უნდა იყოს, ბაღის სცენაზეც რომ დამაყენო, იქაც ვინერვიულებ. ქართული სიმღერა ჩემთვის ძალიან ემოციური შესასრულებელია, ვფიქრობ, ყველა ბგერა ისე უნდა ისმოდეს, შენც უნდა გესიამოვნოს და სხვასაც უნდა ასიამოვნო შენი შესრულებით. დიდი გამოცდილება იყო „საქართველოს ხმის“ კასტინგზე მონაწილეობა, მგონია, მეორე ტურში ჩემი მეუღლის იმედებსაც გავამართლებ და ჩემი გულშემატკივრებისაც, რომელთა მესიჯებსაც ყოველდღიურად ვიღებ. მინდა, ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად ვაჩვენო.

პირველ კასტინგზე ვერ აჩვენე მაქსიმუმი?
მივიჩნევ, რომ ვერა. ის არ იყო, რასაც ველოდები საკუთარი თავისგან. ალბათ, თავდაჯერება ძალიან მჭირდება. მით უმეტეს, ისეთი არაჩვეულებრივი სიმღერა ავარჩიე მეორე ტურისთვის, ეს რომ ვერ ვიმღერო… მაქსიმალისტი ვარ.
კასტინგზე შეასრულე „ისევ მიდიხარ“ – ლევან კბილაშვილის ვერსია. მისი ოჯახის წევრებისგან თუ აიღე ნებართვა?
რა თქმა უნდა… მის ოჯახთან ახლოს ვარ. ვესაუბრე ლევანის დას, სალომეს. გულწრფელად ვამბობ, ისე თბილად და გულით მიმიღო, რომ ძალიან მინდა, მათი იმედები გავამართლო. ასმაგად და ათასმაგად ვუხდი მადლობას…
ლალიტა, როცა გიორგის გულშემატკივრობდი, წამყვანების ოთახში, მაყურებელმა ნახა, როგორი ემოციები გქონდა და ცრემლებიც შეამჩნია შენს თვალებზე…
ძალიან ემოციური ადამიანი ვარ ზოგადად, ამიტომაც ვერ ვმონაწილეობ პროექტებში, ვფიქრობ ხოლმე, რომ ვინერვიულებ და საკუთარ შესაძლებლობებს ვერ ვაჩვენებ, მაგრამ მგონი, გიორგიზე უფრო ვინერვიულე, ვიდრე მე რომ ვმდგარიყავი ჟიურის წინაშე (იღიმის). ყველაზე მნიშვნელოვანი არის გამოხმაურებები და გამამხნევებელი მესიჯები გიორგის გამოსვლის შემდეგ – ემიგრანტებმა მოსწერეს მეორე ტურის წინ, ნერვიულობას თუ დაიწყებ, გაიხსენე, რამდენ ადამიანს სწამს შენი წარმატებისო. გიორგის არ აქვს უფლება, თავისი გულშემატკივრის იმედი არ გაამართლოს. ჩემი ემოციები კიდევ იქიდან გამომდინარეობდა, რომ გიორგის შესრულებასთან დაკავშირებით მაქვს ასეთი პრეტენზია და მოთხოვნა – კარგი არ მაკმაყოფილებს, უნდა იყოს ძალიან მაგარი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ უამრავი მსმენელი გვყავს. შეიძლება, ფართო მასები არ გვიცნობენ, თუმცა ძალიან დიდია მსმენელის რიცხვი, ვინც გვგულშემატკივრობს და გვენდობა. 50 თარიღი უკვე ჩანიშნული გვაქვს წვეულებებისთვის. კონცერტზე ასე არ ვიღელვებდით, მაგრამ კონკურსია და საუკეთესო გამოსვლაა საჭირო.

თითქმის სულ ერთად ხართ, რესტორანშიც ერთად მუშაობთ. ეს ურთიერთობებისთვის კარგია თუ არც ისე?
გიორგი:
ყოველდღიური ურთიერთობა ცოლთან, სახლში, გარეთ, სამეგობროში – ბევრს უთქვამს, რომ ეს ცოტა დამღლელია, მაგრამ ჩემთვის ლალიტაზე მაგარი მოტივაცია არ არსებობს. მირჩევნია, შემეშალოს და შემისწოროს, ვიდრე კარგად ვიმღერო და არაფერი მითხრას, ეგ უფრო არ მომწონს…
ლალიტა:
სხვათა შორის, არ ვუსმენ, რა აქვს კარგი, ვეძებ, რა მოვუძებნო კრიტიკული.

სიმღერის გარდა, რაზე კამათობთ ოჯახში?
დილას ადრე ადგომაზე. დილას ვერ ვიღვიძებ. ძირითადად, სულ გიორგი დგება, რომ დილას ბავშვებს მიხედოს.
გიორგი, შენ კიდევ გყავს ხომ ბიჭი?
კი, პირველი ქორწინებიდან ასევე ბიჭი მყავს და სამი ბიჭის მშობელი გახლავართ.
ლალიტა:
მოკლედ, გიორგი დგება, აჭმევს ბავშვებს, მიჰყავს ბაღში…

კარგი მეუღლე შეგხვედრია…
ნამდვილად, თორემ დავიღუპებოდით (იცინიან).
თქვენი შეხვედრის ამბავიც გაგვიზიარეთ.
2019 წლის ნოემბერში გადავედი იმ რესტორანში, სადაც გიორგი მუშაობდა…
გიორგი:
ყოველდღე მესმოდა, აი, მოვა ლალიტა და იმღერებსო. საზღვარგარეთ იყო ხშირად. ვინ არის ეს ლალიტა, გამაგებინეთ-მეთქი, ბოლოს ვიკითხე. ერთ დღეს რესტორანში დამიბარეს დილის ცხრა საათზე, რაღაც საქმეზე, მივედი და ლიფტიდან გამოდის ლალიტა, ახალგაღვიძებული, სპორტულებში, კეპით… ზუსტად ეს დამამახსოვრდა. რაღაცნაირად შემოვიდა… როცა რესტორანში გადმოვიდა, იქიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ლალიკოს დავყავდი მანქანით, დილას მაკითხავდა, ყავა მოჰქონდა… ავტომატურად დავახლოვდით, ხან იქ წავედით, ხან აქ…

ორივე ქუთაისიდან ხართ და ერთმანეთს არ იცნობდით?
ერთ გუნდში ვმღეროდით ბავშვობაში და უამრავ გასტროლზე ვართ ერთად ნამყოფები, მაგრამ ერთმანეთი არ გვახსოვს…
ეს როგორ?
ლალიტა:
უკვე რომ გადავწყვიტეთ დაოჯახება და ჩემთან სახლში რომ მოვიდა, გადმოვიღეთ საოჯახო ალბომები და იქ აღმოვაჩინეთ ფოტო, სადაც ერთად ვართ გადაღებულები, გუნდის შემადგენლობაში. კიდევ კარგი, რომ ეს ფოტო მქონდა, თორემ ხომ ვერ გავიგებდით ამ ამბავს.
სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით, ემიგრანტების მხრიდან, დიდი მხარდაჭერა გაქვთ… ეს რით არის განპირობებული?
ლალიტა:
მგონი, ყველა კუთხე-კუნჭული მაქვს მოვლილი სიმღერით, კორპორაციულ წვეულებებზე. ემიგრანტებისთვის ხშირად ვმღეროდი საზღვარგარეთ, თვეში ერთხელ ან ორჯერ მქონდა გასტროლი. ეს სიყვარული მათი მხრიდან არის ძალიან დიდი შრომის შედეგი.
პირველად რომ დავიწყე მუშაობა კარაოკეში, დილის შვიდზე ვამთავრებდი მუშაობას. ნაბიჯ-ნაბიჯ, მივაღწიეთ ყველაფერს. დღეს სახლი გვაქვს თუ სხვა რამ, ყველაფერს დიდი შრომით მივაღწიეთ…
გიორგი:
მინდა, გავამახვილო ყურადღება ემიგრანტებსა და მათ მხარდაჭერაზე. ჩემი სიდედრი ამჟამად იმყოფება იტალიაში, იქ ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ, როცა ახალი სიძე ვიყავი, ჩავედით და ჩავიყვანეთ ჩვენი პატარა ლუკასი. რომ დავბრუნდი საქართველოში, მერე უფრო დავაკვირდი ამ ყველაფერს – იქ ერთ ადგილას იკრიბებიან ქართველები. მცირე ხნით ვიყავით, მაგრამ ყველა ჩვენს შვილს დასდევდა მოსაფერებლად. ძალიან ვინერვიულე ამაზე, ცრემლიც წამომივიდა, უემოციოდ ვერ ჩაივლიდა ეს ყველაფერი… ძალიან ძვირფასები არიან ემიგრანტები და დასაფასებლები.
ლალიტა:
იტალიაში, ბარში ვგეგმავთ ქართველი ემიგრანტებისთვის კონცერტს, სრულიად უფასოდ. რთული ყოფა გვინდა, რომ შევუმსუბუქოთ…

თქვენი ოცნება რა არის?
გიორგი:
ძალიან გვინდა გოგონა…
ლალიტა:
გვინდა და თუ მოახერხა, გვეყოლება (იცინის). ჩემზე არაა დამოკიდებული. მე გავაჩენ (იცინის). ერთ შანსსაც ვაძლევ და თუ იქნება გოგო, იქნება, თუ ბიჭი იქნება, ღმერთს მადლობა. ამაზე დიდი საგანძური არ არსებობს.