LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა – ბიზნესმენი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს

185
გიორგი ჩიკვაიძე

დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა, რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ირაკლი პაპიაშვილს, მას შეფარდებული გირაო ძალაში დარჩა. მოსამართლის განმარტებით, პაპიაშვილის მიმართ სასამართლომ დასაბუთებული არგუმენტი ვერ მოისმინა, თუ რატომ უნდა შეცვლოდა მას გირაო პატრობით.

რაც შეეხება ჩიკვაიძეს, კელენჯერიძის თქმით, საფუძველი არსებობს გამოძიების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში, რომ შესაძლოა, მან მართლმსაჯულებას თავი აარიდოს.

გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მან მოსამართლეს „მურუსიძის მონდა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს მის დასასანქცირებლად“.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ იზა კელენჯერიძემ მას შემდეგ მიიღო, რაც პროკურატურამ ბრალდებულებისთვის შეფარდებული 50 000-50 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. პროკურორ გიორგი ჯავარაშვილის განმარტებით, გირაოს პატიმრობით შეცვლის მოთხოვნის საფუძველი მათ მიერ გირაოს პირობების დარღვევა გახდა.

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე: „ხვალ დაგვაკავებენ“

ბიზნესმენი, Azimut Yachts Georgia-ს დამფუძნებელი, გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში ვიდეოებს ავრცელებს და აცხადებს, რომ მას სუს-ის აგენტები თან დაჰყვებიან და უთვალთვალებენ,

როგორც ჯავარაშვილმა აღნიშნა, ბრალდებულებმა არაერთხელ დაარღვიეს გირაოს პირობები, ისინი სისტემატურად, არასაპატიოდ არ ცხადდებოდნენ სასამართლოში. ამასთან, პროკურორის თქმით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისგან მიღებული ინფორმაციით, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის შესაძლო მცდელობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. როგორც მათთვის გახდა ცნობილი, ჩიკვაიძე რამდენიმე დღის წინ, 6-7 მარტს, სადახლოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. შესაბამისად, უწყება ეჭვობს, რომ ისინი საზღვრის კვეთას გეგმავდნენ. ჯავარაშვილის თქმით, ერთ-ერთი პროცესი ჩიკვაიძემ ვირუსით – “ღორის გრიპით” დაავადების გამო გააცდინა, თუმცა, სამედიცინო ცნობა არ წარმოუდგენია. ასევე, მისი თქმით, თუკი, ჩიკვაიძე ავად იყო, პაპიაშვილი რა შუაში იყო მის ავადობასთან და სხდომაზე რატომ არ გამოცხადდა. ამას გარდა, პროკურორმა შუამდგომლობაში განაცხადა, რომ დაკავებულებისთვის შეფარდებული გირაო 50 000-50 000-ლარი გადაირიცხოს სახელმწიფოს ბიუჯეტში.

შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. როგორც ბრალდებულების ადვოკატმა გიორგი ყაველაშვილმა განმარტა, დადასტურებული უნდა იყოს, რომ ბრალდებულების მხრიდან არასათანადო ქცევას ჰქონდა ადგილი. ადვოკატის თქმით, ჩიკვაიძე და პაპიაშვილი სხდომებზე საპატიო მიზეზით – ავადმყოფობის მიზეზით არ გამოცხადებულან, თუმცა, ამას მართლმსაჯულებისთვის ხელი არ შეუშლია. ამასთან, ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულებს აქვთ მოლოდინი, შესაძლოა, ისინი დააკავონ, სხდომაზე მაინც გამოცხადდნენ, რაც პროკურორის არგუმენტს ეწინააღმდეგება, რომ ისინი მოსალოდნელი სასჯელის შიშით შეიძლება მიიმალონ. წარსულში “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ბიზნესმენი ბოლო რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში ვიდეოებს აქვეყნებს, სადაც აცხადებს, რომ მას სუს-იდან უთვალთვალებენ. ამასთან, ჩიკვაიძეს დაანონსებული აქვს, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის, ასევე შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის მამხილებელ მასალას გაასაჯაროებს. ჩიკვაიძე მის წინააღმდეგ საქმის წარმოებას პოლიტიკურს უწოდებს. მისი განმარტებით, მის წინააღმდეგ საქმის წარმოება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ხელისუფლებისგან მიღებული “ანტისახელმწიფოებრივი დავალება არ შეასრულა”.

ცნობისთვის, გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. კერძოდ კი, შპს „ელთ ბილდინგისთვის” ბრალდებულებს, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას – „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება. თუმცა, გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა არ შეასრულეს და შპს „ელთ ბილდინგს“ იახტა არ მიაწოდეს. ბრალდების მიხედვით, გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი “ელთ ბილდინგის“ ხელმძღვანელ პირებს – ვალერი გურგენაძეს და ელგუჯა თურმანიძეს სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, მათ შორის თურქეთის პორტში მომხდარი შტორმის შედეგად იახტის ძრავის დაზიანების და მისი შეკეთების საბაბით უვადებდნენ იახტის გადაცემის ვადებს, უგზავნიდნენ თითქოსდა მათთვის შეძენილი იახტის ვიდეოებს და ლოკაციებს, ხოლო რეალურად იახტის შესაძენად გადახდილი თანხით გიორგი ჩიკვაიძემ დაფარა სხვა მოვალეების წინაშე არსებული ვალდებულებები და აღნიშნული თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. საბოლოოდ, ირაკლი პაპიაშვილმა კომპანიის ანგარიშზე 147 065 ლარი დააბრუნა, ამის შემდგომ დარჩენილი თანხის გადახდა არ მომხდარა. გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 7-დან 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფოტო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g