თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მსახიობი და მომღერალი გიორგი ცხადაძე ესტუმრა.
ის ახალი სიმღერის პრემიერისთვის ესტუმრა რადიო „ფორტუნას“.
გიორგი ცხადაძე:
ყოველთვის მიხარია აქ სტუმრობა, რადგან დადებითი ენერგია იგრძნობა და ჩემი სათქმელიც და მუსიკაც მიდის მსმენელამდე. დიდი ხნის წინ გავაკეთეთ სიმღერა, რომელიც გვედო, არ გვქონდა განწყობა პრემიერებისთვის. რატომღაც უცებ გადაწყდა, რომ აგვეტვირთა ინტერნეტში. სხვათა შორის, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ამ სიმღერას, ძალიან გამიხარდა, ცინცხალი სიახლე სწორედ ეს არის. გოგი ცაბაძის არაჩვეულებრივი მელოდიის ბევრი ვერსია აქვს მოსმენილი ძალიან ცნობილი და მაგარი მომღერლების თუ ჯგუფების მიერ, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ აბსოლუტურად სხვა ვერსია გაგვეკეთებინა. ბევრია არც გვიმუშავია, ენერგიის მხრივ შევიკარით, მიშო კვინიკაძემ ოქროს თითებით დაუკრა, შემდეგ მე ჩავერიე არანჟირების საკითხებში, მერე სახლში მოვხაზეთ სხვადასხვა ინსტრუმენტის ჟღერადობით რა შეიძლებოდა მოხდენოდა ამ ჟანრს, შემდეგ კი გამოვიდა ის, რაც გამოვიდა. დევს უამრავ პლატფორმაზე, მიხარია ყველა ადამიანის გული, მოწონება თუ ემოცია.
რომელია შენთვის ყველაზე გამორჩეული სიმღერა?
ბევრჯერ მითქვამს და აქაც ვიტყვი – ეს არის „გიორგობის თვე“. როცა ნენე დაიბადა და პირველ ბგერებს გამოთქვამდა, მაშინ ვმუშაობდი ამ სიმღერაზე. ეს იყო ყველაზე გამორჩეული, რადგან მისი ბგერები ჩავრთეთ ამ სიმღერაში… როგორც მომღერალი, ვერ ვაფასებ ხოლმე რაღაცას, როგორც მსახიობი, უფრო ვხვდები, რა შეიძლება ვიმღერო და რა შეიძლება გახდეს ჩემი სათქმელი. ყველა სიმღერაზე ვცდილობთ ხოლმე ვიდეორგოლის გადაღებას, ახალ სიმღერაზე შეიქმნა ანიმაცია. ვიფიქრე, ვის შეიძლებოდა, გაეკეთებინა, ბოლოს მოვიფიქრე, რომ ჩვენით შეგვექმნა. თავად გავაკეთე სალომესთან ერთად (სალომე ლემონკავა – გიორგის მეუღლე). ეს ვიდეორგოლიც საკმაოდ საინტერესო გამოვიდა.
რაც შეეხება სპექტაკლებს, რისი ნახვის შესაძლებლობა გვექნება უახლოეს მომავალში?
რამდენიმე წელია, მაყურებელი ნამდვილად არ გვაკლია. ძალიან ბედნიერი ვარ ამით, უდიდესი პატივისცემა თითოეულ ადამიანს. „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ – ამ სპექტაკლის დანიშვნა ძალიან ხშირად გვიწევს. ვწუწუნებ ხოლმე, იქნებ, ცოტა ნაკლებად იყოს-მეთქი, რადგან ხარისხზე ვფიქრობთ. რთულია, როცა სამჯერ-ოთხჯერ გიწევს თამაში ერთსა და იმავე სპექტაკლში. მაინც, იმდენად დიდი მოთხოვნაა, ხშირად გვიწევს მათი ჩასმა. პარალელურად ვიწყებთ მუშაობას ახალ სპექტაკლზე, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ფსიქოლოგიურად ვემზადები. მგონია, რომ ჩემთვის ეს როლი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება.
რომელია შენი საოცნებო როლი?
ზოგადად, მსახიობი ყოველთვის ეძებს, ხელოვნებაში ეს დიდი წილია. გემოვნების ამბავშიც რაღაცები იცვლება. მსახიობი არ მეგულება, რომ ჰამლეტზე არ ოცნებობდეს. ყოველთვის ვფიქრობდი ამაზე. იყო ერთი როლი, რომლის შესრულებაც ძალიან მინდოდა და ვითამაშე, მერე კიდევ ერთი საოცნებო როლიდან ნაწყვეტი ვითამაშე… „სტუმარ-მასპინძელში“ ჯოყოლამ ბევრი რამ გადამაფასებინა თეატრის სფეროში.
ვიცი, რომ ბათუში მიემგზავრებით. კონცერტი გაქვს დანიშნული?
საქმიანი ვიზით მივდივართ, მაგრამ მალე ვესტუმრებით ბათუმს კონცერტით. რაც შეეხება თბილისს, 28 მარტს გვაქვს თბილისში კონცერტი, 29-ში – თბილისში. მივდივართ შვედეთში, სადაც 26 აპრილს გვექნება კონცერტი – სტოკჰოლმში დათო კალანდაძესთან ერთად მივემგზავრები. ემიგრანტებს საოცარი პატრიოტიზმი აქვთ, საოცრად გრძნობენ ტკივილსაც, სიყვარულსაც და სითბოსაც ჩვენი ქვეყნისადმი. ბილეთები თითქმის გაყიდულია, მაგრამ კიდევ ერთხელ დავაანონსებ, რომ შეგიძლიათ მობრძანდეთ ამ კონცერტზე.
რაიმე სხვა სიახლე ხომ არ გაქვს, რომელზეც ისაუბრებ?
ახლა ვიწყებთ მუშაობას სიმღერაზე, მხოლოდ და მხოლოდ კლავიშისა და რამდენიმე ჩასაბერი ინსტრუმენტის, გიტარის თანხლებით… მინდოდა, წინა გაკეთებული სიმღერებისგან განსხვავებული ყოფილიყო. ეს სიმღერა, მგონია, განსხვავებულია, ამ ჟანრის მუსიკაზე, სიმართლე გითხრათ, არ მიმუშავია. თუ ადამიანების გულამდე მივა, გამიხარდება. რაც ავტორმა ჩადო, იმედია, არ გავაფუჭე…