ჟურნალ „არსენალის“ ყოფილი რედაქტორი, გიორგი ჟორჟოლიანი იხსენებს საინტერესო ამბავს, რომელსაც ის ჟურნალის რედაქტორობისას აშუქებდა. საქმე ეხება სომხეთიდან საქართველოში შემოტანილ მცირე რაოდენობით ცეზიუმს, რომელმაც მთელი საქართველო მოიარა, სანამ მცხეთაში არ შეინახეს…
გთავაზობთ მის სტატუსს:
„მართლა მაგრად დავიღალე ამ რუსული პროპაგანდით ლუგარის ლაბორატორიაზე.
ახლა აქეთ მომისმინეთ. არც მოგონილს მოგიყვებით და არც სხვის მონაყოლს გავიმეორებ. რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი მცხეთის ე.წ. ატომურ ობიექტზე. (სხვათა შორის რეაქტორთანაც ვარ ნამყოფი და ბინძური ნარჩენების საცავშიც).
წლების წინ, “არსენალის” რედაქტორი როცა ვიყავი, მაშინ მოვხვდი ირაკლი ალადაშვილთან ერთად.
ვინც არ იცით. რუსებმა საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანში სამხედრო ნაწილების გაუქმების შემდეგ ასობით და ათასობით რადიოაქტიური ნარჩენი დაგვიტოვეს. ზოგი დაფლული და ზოგიც მიმოფანტული.
ჰოდა, მცხეთაში გროვდებოდა (ალბათ ახლაც) და ინახებოდა ეს ნარჩენები. ზოგი ტყვიის კონტეინერით მიტანილი და ზოგიც ისე, ე.წ. საბრძოლო ან სამუშაო შეფუთვაში. რადარების, დამიზნების სისტემები. ნივთიერებებს არ ჩამოვთვლი. არ მახსოვს ზუსტად.
ჩვენ ერთი ფაქტის გამო მოვხვდით მცხეთაში. ვიღაც იდიოტმა (უეჭველი მკვდარი იქნება ის საცოდავი) სომხეთიდან ავტობუსით ჩამოათრია ტყვიის კონტეინერი მცირე რაოდენობის ცეზიუმით. თუ სწორად მახსოვს, ვერტმფრენების დამიზნების სისტემის ნაწილები იყო.
ამ რაოდენობის საშიშროებაზე წარმოდგენა რომ შეგექმნათ, ერთს გეტყვით. იმდენი იყო, და ისეთი გამოსხივება ჰქონდა, რომ გეიგერის მრიცხველით შეიარაღებულმა საცავის ხელმძღვანელმა 3 წუთი მოგვცა მასთან მისაახლოებლად და ფოტოს გადასაღებად თვითონ შორიდან გვიყურებდა. მერე კი გვირჩია – 2-3 თვის დოზა გაქვთ მიღებული და ამ პერიოდში რენტგენსაც კი მოერიდეთო…
ახლა იმ იდიოტს დავუბრუნდები. ეს კონტეინერი ხომ ჩამოიტანა სომხეთიდან თბილისში. იმ ავტობუსში მყოფი ხომ ყველა გაწირა… მერე რამდენ ხანს და სად ინახავდა, რომელ უბანში, კაცმა არ იცის. მერე თეთრი “აძინაცატით” წაიღო თურქეთში- სად გაჩერდა, სად ჭამა პერევალზე ოსტრი თუ ნაზუქი, ეგეც არავინ იცის. გვერდზე ვის გაუჩერა მანქანა სტაიანკაზე ან შუქნიშანზე, არც ეგ არის ცნობილი… შეიძლება ახლობელ-ნათესავებთანაც გაჩერდა ღამის გასათევად…
გაიარა ხაშური, ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია,ლანჩხუთი, ქობულეთი და ბათუმი… სოფლებს არ ჩამოვთვლი.
გაიარა სარფის საბაჟო და თურქებმა გააჩერეს. გაგიჟდა იმათი გეიგერი და გამოაგდეს უკან.
დაფაცურდა ჩვენი პოლიცია. დაიჭირეს ეს დეგენერატი და გამოამწყვდიეს საკანში. რა უნდა ექნათ მანქანისთვის, რომლის საბარგულშიც პააატარა ატომური ბომბი იდო?
იფიქრეს, იფიქრეს და ჯერ სადღაც პოლიციის ეზოში დააყენეს ბათუმსა და სარფს შორის და მერე გაარკვიეს, რომ ერთადერთი ადგილი საქართველოში, სადაც ამის შენახვა შეიძლებოდა, იყო მცხეთის ატომური ობიექტი.
მოფიქრება და მოქმედების დაწყება ერთი იყო. დასვეს ვიღაცა საწყალი პოლიციელი საჭესთან და გამოუშვეს მცხეთაში…
როგორ ფიქრობთ? ცოცხალია? – არა მგონია.
ამანაც გამოიარა უკან ზემოთჩამოთვლილი ქალაქები… ოსტრი, ნაზუქი, სტაიანკა, შუქნიშანი. ახლობელ ნათესავი იმ საწყალსაც ხომ ეყოლებოდა… და ჩამოიტანა მცხეთაში.
სადაც ვნახეთ კიდეც მანქანაცა და ეს კონტეინერიც მე და ალადაშვილმა. „პალიტრაშიც“ იყო დიდი სტატია ამ თემაზე.
იმ კომტეინერის გარდა ასობით მსგავსი ნივთი გვაჩვენეს ღრმა საცავებში ჩაშვებული. ოღონდ საქართველოს სხვადასხვა ნაწილიდან მოზიდული (სავარაუდოდ, ისევ მასკვიჩ-ადინაცატებით).
ეს ნაგავი სხვადასხვა პერიოდულობით ამერიკელებს გაჰქონდათ. რკინიგზით შესაბამისი ვაგონებით.
სხვათა შორის, ის რეაქტორიც ამერიკელებმა დააკონსერვეს. ალადაშვილი ჩასულიც იყო. მე არ “გავრისკე”. ზევიდან ვუღებდი ფოტოებს.
ჰოდა, ახლა ლუგარის ზღაპრებს რომ მიყვებით. მითხარით, რამდენი კაცი დაასიმსივნა და დაავადა მხოლოდ იმ ერთმა შემთხვევამ.
რამდენი მსგავსი ნივთი ეყარა და ყრია ყოფილი ბაზების მახლობლად თუ ტყე-ღრეში.
იმით დაავადებული ხალხი, ბავშვები. ფრინველები, ცხოველები, მცენარეები და ასე შემდეგ… ფიქრიც არ მინდა, ისე მაშინებს ეს ამბავი.
ჰოდა, მოყევით ახლა ლუგარის გრიპის ამბები. იმედია, მშვიდად დაგეძინებათ“.