22 სექტემბერს რადიო „არ დაიდარდოს” და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი” ჯგუფ „ურსას” სოლისტი, გიორგი ძოწენიძე სტუმრობდა, რომელმაც ანსამბლის შემოქმედებაზე, კარიერაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მსმენელს ახალი სიმღერა წარუდგინა.
გიორგი, ვისაუბროთ ანსამბლზე „ურსა”, რომლის სოლისტიც ხარ. როგორია შენი წვლილი ანსამბლის პოპულარიზაციაში?
ძალიან დიდი ხანია, რაც ეს ჩვენი საყვარელი ჯგუფი არსებობს, ეს ჩვენი ოჯახია და ეს არის ყველაფერი, რაც გაგვაჩნია. ეს არის ყველაზე დიდი რამ, რაც ცხოვრებაში შეგვიქმნია. 2010 წელს ჩვენმა ჯგუფმა სახელი უფრო გაითქვა. დღეს მართლა ვგრძნობთ, რომ ჩვენი ერთგული მსმენელები გვყავს და ძალიან ბედნიერები და მადლიერები ვართ.
ყველაზე დიდი სიყვარული თქვენმა რომელმა სიმღერამ დაიმსახურა?
„ატმის ხეები” იყო პირველი სიმღერა, რომელმაც მილიონ ნახვას გადააჭარბა, ანუ ასე ვთქვათ, ეს იყო ჩვენი პირველი ძალიან გაპიარებული და „გავარდნილი” ნამუშევარი.
პირადად შენ რომელ სიმღერას გამოარჩევდი თქვენი რეპერტუარიდან?
ვერ გამოვყოფ…
როგორ ქმნით სიმღერებს, ვინ არჩევს რეპერტუარს?
შეიძლება ერთ ადამიანს ერთ სიმღერაში მეტი წვლილი ჰქონდეს, მეორეში ნაკლები… ჩვენ ყველა ერთად ვქმნით ჩვენს რეპერტუარს, ამაში ყველას წვლილია.
ზოგადად, ჯგუფის შენარჩუნება ძალიან რთულია, რადგან აზრთა სხვადასხვაობის თუ სხვა მიზეზების გამო ხშირად ხდება ხოლმე განხეთქილება. მსგავსი პრობლემა თუ ჰქონია „ურსას”?
რა თქმა უნდა, რთულია. თუ ერთობა, მეგობრობა და ოჯახი არ არის ჯგუფში, აუცილებლად დაიშლება. სიმღერაზე მეტად, ურთიერთობა უნდა იყოს. ჩვენ ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად.
გავიხსენოთ „X ფაქტორის” პერიოდი.
ეს იყო ერთ-ერთი მომენტი, როცა „ურსა” კიდევ თავიდან დაიბადა ხალხისთვის. მანამდე იყო ერთი „აფეთქება”, რაშიც დიდი წვლილი მიუძღოდა ერთ ტელევიზიას, მაგრამ შემდეგ ისევ ჩავიკარგეთ… თან „X ფაქტორის” ფინალზე მიწვევამდე ერთი დღით ადრე, ძალიან ცუდი გამოცდილება გვქონდა. ეს კურიოზიც კი არის, ერთ-ერთ კონცერტზე გამოვედით, ღია სივრცეში, ძალიან სიცხეში და ერთი ადამიანიც კი არ ესწრებოდა ამ კონცერტს. არავინ იცოდა ჩვენი ჯგუფი და რომც სცოდნოდათ, ისეთი სიცხე იყო, შეიძლება, მაინც არ მოსულიყვნენ. მოკლედ, ასეთი საშინელი გამოცდილება გვქონდა და უკვე თბილისისკენ მოვდიოდით, როცა დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ უნდოდათ, „X ფაქტორის” ფინალში მიგვეღო მონაწილეობა და მაშინ დაიწყო კიდევ ერთხელ ჩვენი აღმასვლა და ძალიან საინტერესო იყო, რადგან ძალიან ბევრი შეტყობინება მოდიოდა სოციალურ ქსელში, გარეთ ხალხი გვცნობდა და ა.შ. ამას კიდევ ბევრი საინტერესო სიმღერა მოყვა და შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრამპლინი იყო.
როგორია პოპულარულობა?
შეიძლება ისეთ ადგილას მოვხვდე, ოცი კაცი იყოს და ოცივეს ძალიან უყვარდეს ჩვენი ჯგუფი, მაგრამ შეიძლება ისეთ ადგილას მოვხვდე, რომ 20 კაცი იყოს და საერთოდ არავინ იცოდეს, ვინ ვარ.
ძირითადად რა ასაკის მსმენელი ჰყავს „ურსას”?
ჩვენი ძალიან დიდი პლუსია ის, რომ ჩვენი მსმენელები არიან როგორც უფროსები, ისე საშუალო ასაკის ადამიანები და ბავშვებიც კი. მაგალითად, ჩემს შვილს ძალიან უყვარს ჩვენი სიმღერები და დედამისს სულ ეუბნება, მამა ჩამირთეო.
პატარას რამდენად აქვს მონაცემები?
არ ვიცი, ჯერ ორი წლის არის, მაგრამ სიმღერა ძალიან უყვარს. ვინმე თუ ვერ მღერის, ეუბნება, გაჩერდი, რანაირად მღერიო (იცინის).
სამომავლო გეგმები როგორია?
გვინდა, რომ თითო თვეში თითო სიმღერა ჩავწეროთ. ერთი სიმღერა უკვე ჩავწერეთ და ახლა მეორეზე ვმუშაობთ. უკვე ვიცით, რა უნდა ჩავწეროთ მესამეც. ძალიან აქტიურად ვიწყებთ სიმღერების ჩაწერას და გავანებივრებთ ჩვენს მსმენელს. პარალელურად გვაქვს კონცერტები. მაგალითად, 1-ელ ოქტომბერს კახეთში გვაქვს კონცერტი.
ვის ეკუთვნის სიმღერა, რომლის პრემიერაც დღეს შედგება?
ამ სიმღერის ტექსტი ვაჟა-ფშაველასია. ეს არის ლექსი „რამ შემქმნა ადამიანად”. მუსიკა ჩვენი დაწერილია. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მსმენელს ძალიან მოეწონება.
ჯგ. ურსა – რამ შემქმნა ადამიანად
გადაცემის აუდიოჩანაწერი
გიორგი ძოწენიძე (ჯგუფი “ურსა”). ვიდეო კოლაჟი