საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა დიგიტალიზაციის შესახებ თვინინგ ლაითის პროექტის დახურვის ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა. გიორგი ფანგანმა ხაზი გაუსვა სემეკისთვის დიგიტალიზაციის სტრატეგიის მნიშვნელობას. მან ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის ეფექტიანობაზე, რომლის ფარგლებშიც უცხოელი ექსპერტების მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეგულირებისთვის დიგიტალიზაციის სტრატეგია შემუშავდა.
„დიგიტალიზაცია წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს სემეკისთვის. სათანადო მარეგულირებელი ჩარჩოს არსებობა, მონაცემების ეფექტიანი და უსაფრთხო დამუშავება, ისევე როგორც დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავება უაღრესად მნიშვნელოვანია. დიგიტალიზაცია მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმების პროცესში, როგორც საბითუმო ისე საცალო დონეზე. ეფექტიანი, გამჭვირვალე და კონკურენტული ბაზრისათვის არსებითია ბაზრის მონაწილეებისა და მომხმარებლების აღჭურვა შესაბამისი ციფრული მექანიზმებით, იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი აქტიური მონაწილეობა ბაზარზე. პროექტის ფარგლებში შემუშავდა სემეკის დიგიტალიზაციის სტრატეგიის პროექტი და სამოქმედო გეგმა, რომლის დანერგვაც ხელს შეუწყობს სემეკის საქმიანობის გაუმჯობესებას, ენერგეტიკული ბაზრის უფრო ეფექტიან რეგულირებას, გააუმჯობესებს საბოლოო მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ხარისხს. საბოლოო ჯამში, ეს ყოველივე ემსახურება ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისი ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბებას.“- განაცხადა გიორგი ფანგანმა სიტყვით გამოსვლისას.
ევროკავშირის დაფინანსებით, თვინინგ ლაითის პროექტი -„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხარდაჭერა დიგიტალიზაციისთვის შესაბამისი გარემოს შექმნისა და დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავების შესახებ“ სემეკში 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტის ბიუჯეტი 250 000 ევროს შეადგენდა. პროექტი მიზნად ისახავდა სემეკის დახმარებას დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავების პროცესში. პროექტი განახორციელა იტალიის ენერგეტიკული მომსახურების სამსახურმა (GSE). საქართველოს მხრიდან პროექტს ხელმძღვანელობდა სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი.
(R)