გიორგი ფეიქრიშვილსა და ნოდარ ნიშნიანიძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ფეიქრიშვილის ადვოკატმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, ან საერთოდ არ გამოეყენებინა აღკვეთი ან, ალტერნატივის სახით, 5 ათასლარიანი გირაო შეეფარდებინა.
მოსამართლე რევაზ ნადარაიამ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ არსებული მოცემულობით, ფაქტი იყო, რომ ფეიქრიშვილის სახლში იარაღი და ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს, რაც აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებისათვის საკმარისი გარემოება იყო. რაც ეხება პოლიციის მიმართ ბრალდებას, რომ მათ გიორგი ფეიქრიშვილს იარაღი ჩაუდეს, მოსამართლის განმარტებით, ეს სასამართლო პროცესების მომდევნო ეტაპზე განსახილველი საკითხი იყო და მას შესაბამისი მტკიცებულებებით სჭირდებოდა გამყარება.
გიორგი ფეიქრიშვილს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა, რაც, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ასევე ბრალად ედება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა-შენახვა, რაც ითვალისწინებს 5 წლამდე ვადით პატიმრობას.
ნოდარ ნიშნიანიძეს რაც ეხება, მან სასამართლო პროცესზე, სამართალდამცავები მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, იარაღი ჩაუდეს და შემდგომ, სამმართველოში, ამ იარაღზე ხელი იძულებით მოაკიდებინეს, რათა მისი თითის ანაბეჭდები გადაეტანათ.
ნოდარ ნიშნიანიძეს ბრალდება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.