„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონგრესს ესწრება.
გიორგი გახარიას თქმით, ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედროდა ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, იოჰანეს შრაპსს.
როგორც გახარიამ აღნიშნა, შეხვედრაზე, მათ შორის განიხილეს „ქართული ოცნების” მიერ ოპოზიციური ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა“.
„გერმანიაში ვესწრები გერმანიის სოციალ-დემოკრატიული (SPD) პარტიის კონგრესს, რომელიც იმართება საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმის კრიზისის ფონზე. მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი კოლეგებს, მათ შორის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, იოჰანეს შრაპსს. განვიხილეთ „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების სასწრაფო აუცილებლობა, აგრეთვე პარტია „საქართველოსთვის“ გეგმები – გახდეს ევროპის სოციალისტური პარტიის (PES) ოჯახის წევრი, რისი განხილვაც შემოდგომაზე იგეგმება. მადლიერები ვართ ჩვენი გერმანელი პარტნიორების, მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – დაწერა გიორგი გახარიამ.