შს მინისტრის გიორგი გახარიას ჩასვლა ზუგდიდში და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა მეორე ტურის სტაბილურად ჩატარებას ემსახურება, – განცხადება ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გააკეთა.
„შს მინისტრის რეგიონებში ჩასვლა არ არის პირველი. ის რამდენჯერმე იყო და ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადგილზე ეცნობოდეს სამინისტროს წარმომადგენლების მუშაობას საარჩევნო პროცესის თვალსაზრისით, რათა პოლიციამ შეასრულოს თავისი მოვალეობა. ის არ ერევა არჩევნების პროცესში, მაგრამ ვალდებულია მოსახლეობის უსაფრთხოება, საზოგადოების წესრიგი დაიცვას. ამ მხრივ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიციის მზადყოფნას. განსაკუთრებით, როცა ჩვენ ვხედავთ, ბოლო წლებში, რამდენად დისტანცირებულია და იცავს პოლიცია პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს. ამ მხრივ, მინისტრის ადგილზე ჩასვლა და სტრუქტურების გაცნობა მხოლოდ ეხმარება ამ პროცესის კიდევ უფრო სტაბილურობას,” – აღნიშნა ბესელიამ.
ეკა ბესელიას განცხადებით, მნიშვნელოვანია მეორე ტურში მოქალაქეებმა გააკეთონ თავიანთი არჩევანი.
„მეორე ტურისთვის ახალი სტრატეგიაა დაგეგმილი. ამ ახალი სტრატეგიის ფარგლებში და ამ მოკლე დროში, რაც გვაქვს მეორე ტურამდე, გათვალისწინებულია, რომ მაქსიმალურად ფართო იყოს ის არეალი, რომელიც უნდა დაფაროს, როგორც ჩვენმა დეპუტატებმა, მაჟორიტარებმა, აღმასრულებელი თუ წარმომადგენლობითი ორგანოს იმ წევრებმა, რომლებიც უშუალოდ უნდა ესაუბრონ ხალხს. ალბათ, ყველაზე დიდი მნიშვნელობა შეიძინა ამ მეორე ტურის დროს თითოეული მოქალაქის მისვლამ და აქტიურობამ, რადგან ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო არჩევანი. დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი გრძნობს მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით, რამდენად დიდია თითოეულის მისვლა არჩევნებზე,”- აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის შენობაში შეხვედრები გამართა.