LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ღოღობერიძე: „რა იწვევს სიმძიმეს ფეხებში და რა შეიძლება მოჰყვეს სიმპტომების ხანგრძლივ იგნორირებას?“

8587
სიმძიმე ფეხებში

რა იწვევს ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას, როგორ ვებრძოლოთ მას და რა შეიძლება გამოიწვიოს ამ მდგომარეობის ხანგრძლივად იგნორირებამ? საინტერესო საკითხებზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს…

სიმძიმის შეგრძნება ქვედა კიდურებში ძალიან გავრცელებული მოვლენაა. მხოლოდ აშშ-ის მოსახლეობა რომ ავიღოთ, მათ  40%-ს ჰქონია განცდა, რომ თითქოს ქვედა კიდურებზე რაიმე წონა აქვს მობმული. რა იწვევს ქვედა კიდურებში სიმძიმის განცდას, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა და როგორ შეიძლება შევუშალოთ ხელი ვენური უკმარისობის განვითარებას?

რა მექანიზმი იწვევს ამ დაავადებას?

ქვედა კიდურების ვენებში სისხლი ქვემოდან ზემოთ მოძრაობს, რადგან ის გულისაკენ მიემართება. თუმცა ცხადია სისხლზე გრავიტაცია მოქმედებს და მას ქვემოთ ექაჩება. იმისათვის, რათა სისხლი ქვემოდან ზემოთ წავიდეს და არა პირიქით, ვენებში არსებობს სარქვლები, რომლებიც სისხლს მხოლოდ ერთი მიმართულებით, ქვემოდან ზემოთ ატარებს. სისხლს ქვემოდან ზემოთ კუნთების შეკუმშვა ამოძრავებს. წარმოიდგინეთ წყლით სავსე ბოთლი. თუ მას ხელს მოუჭერთ, წყალი ზემოთ ამოასხამს. ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებს აქაც, კუნთები იკუმშება, ვენები ვიწროვდება და სისხლს ზემოთ აისვრის. ეს არის მექანიზმი ჯანმრთელი ვენების შემთხვევაში.

მაგრამ თუ ვენის კედლები სუსტდება, ვენა ფართოვდება და სარქვლის პირები ერთმანეთს ვეღარ სწვდება. შედეგად, ზემოთ ასროლილი სისხლის ნაწილი ისევ უკან ბრუნდება და სისხლი ზემოთ-ქვემოთ მოძრაობს, მისი ნაწილი კი ვენაში გუბდება. ამას ეწოდება სტაზი. ვენაში სისხლის ჩაგუბება იწვევს ზუსტად სიმძიმის გრძნობას.

მსგავსი მდგომარეობა ვენის კედლების შესუსტების გარდა შესაძლოა კუნთების მოდუნებამაც გამოიწვიოს, რადგან თუ ისინი არ შეიკუმშება, სისხლი ზემოთ ვერ წავა. კუნთების მოდუნებას ცხოვრების უძრავი წესი განაპირობებს.

ვის შეიძლება განუვითარდეს სიმძიმე ქვედა კიდურებში?

ქალები– რატომღაც ქალებს ეს პრობლემა გაცილებით ხშირად აწუხებთ და სავარაუდოდ, ამაში ესტროგენი დიდ როლს ასრულებს.

ასაკოვანი ადამიანები – 50 წლის ასაკის ზემოთ ვენები სუსტდება, სარქვლები ზიანდება და სისხლი გუბდება ქვედა კიდურებში.

ჭარბწონიანები – თუ ადამიანს გამოხატულად ჭარბი წონა აქვს, მას მოძრაობა უჭირს. მოძრაობის გარეშე კი კუნთები ვერ იქნება სათანადო დონეზე ტონუსში, ვერ შეიკუმშება და სისხლს ზემოთ ვერ აისვრის.

მწეველები – თამბაქოში არსებული უამრავი ტოქსიკური ნივთიერება აზიანებს ენდოთელიუმს და ვენურ სარქვლებს.

ადამიანები, რომლებიც დიდხანს დგანან ფეხზე – დიდხანს დგომისას კუნთები გაჩერებულია და არ იკუმშება. შესაბამისად ეს იგივეა, რაც დიდხანს ჯდომა, ამ დროს ვენებში სისხლი გუბდება.

ადამიანები, ვინც ნაკლებს მოძრაობენ – ცხოვრების უძრავი წესი  ამ მდგომარეობის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევია.

გენეტიკურად მიდრეკილი ადამიანები – თუ ბებიას აქვს ეს დაავადება, მის შვილს და შვილიშვილსაც დიდი შანსია ვენური უკმარისობა განუვითარდეთ.

პაციენტები ღრმა ვენების თრომბოზით – დადგენილია, რომ მათ 30%-ს უვითარდება ვენური უკმარისობა.

ვინც მუდამ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ატარებს – ხანგრძლივად მათი გამოყენება საზიანოა ვენებისათვის, ისევე როგორც მუდმივად სრულიად უქუსლო ფეხსაცმლით სიარული.

ვისაც ძალიან მოტკეცილი ტანსაცმელი უყვარს – ეცადეთ ტანსაცმელში კომფორტულად იყოთ და ის არ გიჭერდეთ.

როგორ განვიკურნოთ?

სირბილი – ის იდეალური საშუალებაა. როცა დარბიხართ, ქვედა კიდურების კუნთები მუდმივ მუშაობს და იდეალურად ამოძრავებს სისხლს.

მოუხერხებელ ფეხსაცმელზე უარის თქმა – იმ სიმაღლისაც მოგვწონხართ, რა სიმაღლისაც ხართ. მთავარია ჯანმრთელი იყოთ.

ქვედა კიდურების გავარჯიშება – თუ თქვენი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე დიდხანს დგომა ან ჯდომა გიწევთ, ყოველ ნახევარ საათში ერთხელ მაინც შეასრულეთ მარტივი ვარჯიში : ფეხების გაშლა და მოხრა მუხლის სახსარში. ეს სისხლს აამოძრავებს. შეგიძლიათ აიწიოთ და დაიწიოთ ფეხის ცერებზე, ეს ასევე ავარჯიშებს ფეხის კუნთებს. შეასრულეთ ვარჯიში ყოველ ნახევარ საათში ათჯერ მაინც.

კომპრესიული წინდები – თუ მდგომარეობა უკვე ცოტა შორს წასულია, შეგვიძლია დავიხმაროთ კომპრესიული წინდები და ცოტა მოვუჭიროთ ზედაპირულ ვენებს.

საღამოობით ფეხების ცოტა ამაღლებულზე დადება – ეს მომენტალურ შვებას მოგიტანთ. ქვედა კიდურები სისხლისაგან დაიცლება და ის გულისკენ გადაადგილდება.

წონის დაკლება – ეს მოთხოვნა უპირობოდ უნდა შესრულდეს.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამ მდგომარეობას ყურადღებას არ მივაქცევთ და არაფერს გავაკეთებთ მის გამოსასწორებლად?

საბოლოო ჯამში, ქვედა კიდურების ვენებში ხანგრძლივად სისხლის დაგუბება კაპილარების დახეთქვას გამოიწვევს. შედეგად, ისინი ვეღარ გამოკვებავენ ქსოვილებს და დაიწყება ქსოვილების იშემია, რასაც მოჰყვება კუნთოვანი სპაზმები და ძალიან ძნელად შესახორცებელი წყლულების გაჩენა. საბოლოოდ შესაძლოა ქირურგიული ჩარევაც კი გახდეს საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g