LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ღოღობერიძე: „რა იწვევს წამოდგომის დროს გონების უეცარ დაბინდვას და როდის არის ის საშიში?“

922
giorgigogoberidze2024-2020-11-24-11-23-15-856056-2020-11-25-19-03-33-768785

„რა იწვევს წამოდგომის დროს გონების უეცარ დაბინდვას, რისი გამოწვევა შეუძლია ამ მდგომარეობის იგნორირებას და როგორ მოვიქცეთ ამ პრობლემის გადასაჭრელად?“ – საინტერესო საკითხებზე თავის მორიგ „ფეისბუკ – ლაივში“ ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ისაუბრა.

„ალბათ ყველა ჩვენთაგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია მომენტი, როდესაც უეცრად წამოდგომის ან წამოჯდომის დროს გონება დაბინდვია ან დაუკარგავს. შესაძლოა წამოდგომისას უეცრად თვალებში დაგიბნელდეთ, წონასწორობა დაკარგოთ ან გული აგიჩქარდეთ. რასთან გვაქვს საქმე? როდის უნდა ვიფიქროთ, რომ საქმე სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს და როდის არ არის ეს საგანგაშო?

ასეთ დროს საქმე გვაქვს ორთოსტატიკურ ჰიპოტენზიასთან, რომელიც ძალიან გავრცელებული ფენომენია და ცხოვრებაში ერთხელ მაინც მეტ-ნაკლებად ყველას გამოუცდია.

თუ ზიხართ ან წევხართ და უცებ წამოდგებით, შესაძლოა გონება დაგებინდოთ, გქონდეთ შუილი ყურებში ან მხედველობის გაორება, შესაძლოა დაკარგოთ წონასწორობაც. ეს განსაკუთრებით სახიფათოა მოხუცებში, რომლებმაც შესაძლოა თავი ვერ შეიმაგრონ, დაეცნენ და მოტეხილობა მიიღონ. ასაკოვან ადამიანებში ძნელი არა მხოლოდ უშუალოდ მოტეხილობების მკურნალობაა, არამედ ისიც, რომ თავიდან ავიცილოთ პრობლემები, რასაც დიდხანს წოლა იწვევს, მათ შორის ღრმა ვენების თრომბოზი, ემბიოლიები დ ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ ასაკოვანი ადამიანი ლოგინში ჩაწვა, მისი ფეხზე წამოყენება საკმაოდ რთული ამოცანაა.

რა არის ორთოსტატიკური ჰიპოტენზია? – ვენებში ორგანიზმში არსებული სისხლის საერთო როდენობის დაახლოებით 60% მოძრაობს. როდესაც მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობიდან უცებ მდგომარეში ინაცვლებთ, გრავიტაცია სისხლს ქვემოთ ექაჩება. თუმცა ადამიანს გული და ტვინი სხეულის ზედა ნაწილში აქვს და გარკვეული მექანიზმების საშუალებით სისხლის ზემოთ ასროლა უნდა მოხდეს. ამ დროს ავტომატურად უნდა გააქტიურდეს სიმპათიკური ნერვული სისტემა და ვენები ალფა რეცეპტიორებით უნდა შეავიწროვოს, რათა სისხლი ზემოთ, გულისკენ წავიდეს. შემდგომში გული სისხლს უკვე თავის ტვინისკენ გადაისვრის და ყველაფერი კარგად იქნება. ეს არის მოქმედების მექანიზმი ჯანსაღ ორგანიზმში, მაგრამ ზოგჯერ წამოდგომისას სიმპატიკა აგვიანებს რეაქციას, ვენები გაფართოებული რჩება, სისხლი რჩება ვენებში, გული ვერ იღებს მას საკმარისი რაოდენობით, სისტოლური წნევა 30 ერთეულზე მეტად, ხოლო დიასტოლური ქნევა 10 ერთეულზე მეტად ეცემა. სწორედ ეს არის ორთოსტატიკური ჰიპოტენზია.

რა იწვევს ორთოსტატიკური ჰიპოტენზიას? – პირველ რიგში ეს მედიკამენტებია. რომელი მედიკამენტები?

1. ალფა ბლოკერები – თუ თქვენ ალფა ბლოკერებს სვამთ, რომლებიც ვენების გაფართოებას იწვევენ, მაგალითად პრაზოზინს, ტერაზოზნის და ა.შ, ბუნებრივია ამან შეიძლება გამოიწვიოს ეს მდგომარეობა.

2. შარდმდენები – მედიკამენტების კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც შესაძლოა იწვევდეს ორთოსტატიკურ ჰიპოტენზიას არის შარდმდენები, რომლებსაც ორგანიზმიდან სითხე გამოაქვთ. თუ ორგანიზმიდან სითხე გამოვა, წნევა დაეცემა.

3. ზოგიერთი ანტიდეპრესანტი – ძველი ანტიდეპრესანტები, მაგალითად ტრიციკლოანტიდეპრესანტები ან მაოს ინჰიბიტორები.

4. სხვადასხვა მედიკამენტები – იმის გასაგებად, მოქმედებს თუ არა ესა თუ ის მედიკამენტი სისხლძარღვებზე, შეგიძლიათ უბრალოდ ანოტაციას გაეცნოთ.

5. დეჰიდრატაცია – ორგანიზმიდან სითხის გადინების შემთხვევაში წნევა ქვეითდება. ეს შეიძლება მოხდეს პირღებინების, დიარეის ან ოფლიანობის დროს.

6. მენსტრუაცია ან მენსტრუაციის პრობლემები – თუ მენსტრუაციის დროს ძლიერი სისხლდენაა, მაგალითად მენორაგია, მეტრორაგია, ან თუ არის სისხლდენები მენსტრუაციიდან მენსტრუაციამდე, გამოწვეული სხვადასხვა გინეკოლოგიური პრობლემებით. სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვამ ცხადია შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და გონების დაბინდვა.

7. შაქრიანი დიაბეტი -ამ მდგომარეობის დროს სისხლძარღვები ზიანდება, ძალიან ხშირად შაქრიანმა დიაბეტმა იცის გაძლიერებული შარდვაც, რაც კიდევ დამატებითი მიზეზია ორგანიზმის გაუწყლოებისათვის.

8. დიდი ხნით სტატიკურ მდგომარეობაში ყოფნა– როცა დიდი ხნის წოლის შემდეგ უცებ წამოხტებით, თქვენს სიმპათიკას ჯერ კიდევ სძინავს და დროულად ვერ რეაგირებს.

9. ხანდაზმული ასაკი – ათეროსკლეროზის დროს სისხლძარღვები მკვრივდება, შესაბამისად მათ უჭირთ შევიწროება ან გაფართოება.

10. მარიხუანას მოწევა – მასში შემავალი ტეტრაჰიდროკარაბინოლი იწვევს გონების დაბინდვას.

11. პარკინსონის დაავადება, ლევის სხეულოვანი დემენცია და ნევროლოგიური დაავადებები.

12. ენდოკრინული დაავადებები– მაგალითად ადისონის დაავადება, რომლის დროსაც თორკმელზედა ჯორკვალი ვერ გამოყოფს საკმარისი ოდენობით კორტიზოლს და ალდოსტერონს. შედეგად ორგანიზმში სითხის შეკავება არ ხერხდება.

13. დოფამინბეტაჰიდროქსილაზის დეფიციტი – მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმში ვერ წარმოიქმნება ნორეპინეფრინი – ნივთიერება, რომელიც პასუხს აგებს სისხლძარღვების შევიწროებაზე.

რა მოხდება, თუ ჩვენ უბრალოდ შევეჩვევით ამ მდგომარეობას და არ ვიზრუნებთ მის მოგვარებაზე? თუ ორთოსტატიკური ჰიპოტენზია წლების განმავლობაში გაგრძელდა, პირველ რიგში ეს ცუდად აისახება მეხსიერებაზე. ამ დროს ადამიანის თავის ტვინი მუდმივად ჰიპოპერფუზიურ მდგომარეობაშია, რაც ხელს უწყობს დემენციის ჩამოყალიბებას. იზრდება მიდრეკილება იშემიური ინსულტისაკენ.

როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა?

ეცადეთ მიიღოთ მარილიანი საკვები. თუ წნევა არ გაწუხებთ, ნუ შეზღუდავთ მარილს, მიიღეთ დღეში 10 გრამი. ჯანმრთელ ადამაინს დღეში 10 გრამი მარილი არ სჭირდება, ეს რაოდენობა სჭირდებათ მხოლოდ იმათ, ვისაც ორგანიზმში სითხის დაკავების პრობლემა აქვს. მიიღეთ მარილი და წყალი, რაც ორგანიზმში სითხის დაკავებას შეუწყობს ხელს.

რა უნდა ქნათ, თუ თავბრუსხვევა დილაობით გაწუხებთ?

საღამოს დაწოლისას ეცადეთ თავი უფრო მაღლა გქონდეთ, ვიდრე ქვედა კიდურები. ასეთ დროს სისხლი ქვედა კიდურებში დაკავდება და მცირე რაოდენობით მიაღწევს თირკმელებამდე, რომლებიც შესაბამისად აქტიურად ვერ იმუშავებენ და დიდი რაოდენობით შარდს ვერ გამოყოფენ, რაც ორგანიზმში სითხის რაოდენობის შემცირებას იწვევს.

ეცადეთ არ მიიღოთ სითხეები დიდი ოდენობით საღამოს, ექვსი საათის შემდეგ.

მიმართეთ ექიმს – თვითნებურად ნუ მიიღებთ მედიკამენტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g