რა იშვიათი გართულება შეიძლება მოჰყვეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრას და როდის უნდა მივმართოთ ექიმს – თემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.
მიუხედავად იმისა, რომ თრომბოზული გართულება „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრისას ძალიან იშვიათად, რამდენიმე მილიონში ერთხელ ფიქსირდება, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ როგორ ამოვიცნოთ ის და როდის მივმართოთ ექიმს. თრომბოზული გართულების ნიშნები ადამიანს შეიძლება ვაქცინაციიდან 4-25 დღის შუალედში გამოუვლინდეს, ამიტომ აცრის შემდეგ ამ პერიოდში დააკვირდით თქვენს თავს და თუ რომელიმე სიმპტომი გექნებათ, მიმართეთ ექიმს. როდის უნდა მივმართოთ ექიმს დახმარებისათვის?
თუ აცრიდან 4-25 დღეში თქვენ:
გაქვთ თავის ძლიერი ტკივილები, რომლებიც არ მსუბუქდება;
გაქვთ მხედველობის დაბინდვა;
გაქვთ მეტყველების გართულება;
გაქვთ კრუნჩხვა (შესაძლოა არა მთელი სხეულის, არამედ კიდურების ან სახის კუნთების)
თუ გაქვთ მუცლის ძლიერი ტკივილი;
გაქვთ ტკივილი მკერდში;
თუ გაქვთ სუნთქვის უკმარისობა;
თუ გაქვთ ქვედა კიდურების შეშუპება, დალურჯება და ტკივილი…
ასეთ დროს თავის ძლიერი ტკივილი, მხედველობის დაბინდვა და კრუნჩხვა შესაძლოა თავის ტვინის ვენების ან სინუსების თრომბოზზე მიანიშნებდეს, სუნთქვის უკმარისობა ფილტვის ვენების თრომბოზზე, კიდურების შეშუპება კი ღრმა ვენების თრომბოზზე.
თუ ეს სიმპტომები ან რამდენიმე მათგანი გამოგივლინდათ, აუცილებლად დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ სისხლის საერთო ანალიზი, სადაც მისი არსებობის შემთხვევაში გამოჩნდება თრომბოციტოპენია. თუ თრომბოციტების რაოდენობა დაბალია, შემდეგ მოწმდება D დიმერი. თუ თრომბოციტების დაბალი ოდენობის ფონზე D დიმერი არის მაღალი, ეს ნიშნავს, რომ სახეზეა თრომბოზული გართულება. შემდეგი ნაბიჯი არის კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტით, რომლის მიზანიც არსებული თრომბის აღმოჩენაა იმ შემთხვევაში, თუ ის უკვე ფორმირებულია. ამ დროს ასევე აუცილებელია დადგინდეს ხომ არ აქვს ადამიანს თრომბოციტების მეოთხე ფაქტორის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულები. ეს მძიმე გართულებაა, რომლის დროულად აღმოჩენის გარეშეც გარდაცვალების ალბათობა 20%-ია.
რა არ უნდა გააკეთოთ ამ სიმპტომების დროს?
არ გაიკეთოთ ჰეპარინი. მისი მიღება იწვევს თრომბოციტოპენიას.
ასეთ დროს არ შეიძლება თრომბოციტების გადასხმა.
რა უნდა მოხდეს მდგომარეობის გამოსასწორებლად?
აუცილებლად უნდა იქნეს მოძიებული ინტრავენური იმუნოგლობულინები, ექიმები მოგცემენ ანტიკოაგულანტებსაც. ნებისმიერი სიმპტომის არსებობის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმებს, რათა ისინი დაგეხმარონ და აცნობეთ, რომ შესაძლოა სახეზეა ვაქცინაციის შემდგომი გართულება.