LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ღოღობერიძე – როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან გრიპი, კოვიდი და გაციება?

3979
gogoberidze

როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისაგან კოვიდი, გრიპი და სხვა სეზონური ვირუსები, როგორ იმართება ისინი სახლის პირობებში და როდის არის საჭირო ტესტის ჩატარება – აქტუალურ თემაზე „ფეისბუქ ლაივის“ საშუალებით ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.

„პანდემიის ფონზე ნელ-ნელა სხვა ვირუსების სეზონიც დადგა და ყველას აინტერესებს, არის თუ არა შესაძლებელი კოვიდის, გრიპის და სხვა სეზონური ვირუსების ერთმანეთისაგან გარჩევა. როგორც იცით, ყველა ეს ინფექცია სიმპტომებით ძალიან მსგავსია. ამ დროს შეიძლება გქონდეთ სიცხე, ყელის ტკივილი, ხველა, სურდო, თავის და კუნთების ტკივილი და ა.შ. ბავშვების შემთხვევაში ყველას შეიძლება ახლდეს გულისრევა და ფაღარათი. გამორჩეულად განსხვავებული სიმპტომი ყნოსვის და გემოს დაქვეითება ან გაქრობაა, რომელმაც უფრო კოვიდზე უნდა გვაფიქრებინოს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ვირუსზე. თუმცა საერთო ჯამში, მათი ერთმანეთისაგან გარჩევა რთულია.

როგორ გავარჩიოთ კოვიდი, გრიპი და გაციება ერთმანეთისგან და როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში თუ რომელიმე გვაქვს? თავიდან კოვიდის ამოცნობა უფრო იოლი იყო, მაგრამ დღევანდელი შტამი ძალიან ჰგავს სეზონურ გრიპს და გაციებას, ამიტომ მათი ასი პროცენტით გარჩევა ტესტის გარეშე შეუძლებელია. კლინიკურად კოვიდი და ინფლუენცა ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, თუმცა მაინც არსებობს გარკვეული ტაქტიკა, რომელიც დაგვეხმარება მათ ერთმანეთისაგან განსხვავებაში. ბუნებრივია საუკეთესო გზა ტესტის ჩატარებაა. ტესტი უნდა ჩავიტაროთ მაშინ, თუკი ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი გვქონდა და კონტაქტიდან 3-5 დღე გავიდა. იქამდე ჩატარებულ ტესტზე შესაძლოა მცდარი უარყოფითი პასუხი მივიღოთ და გვეგონოს, რომ კოვიდი არ გვაქვს. ისეც ხდება, რომ ტესტი დადებით პასუხს მხოლოდ ინფიცირებიდან ერთ კვირაში უჩვენებს. ტესტის გარეშე ზუსტი პასუხის მიღება შეუძლებელია, თუმცა მაინც შეგვიძლია ვივარაუდოთ გაციებული ვართ თუ კოვიდი გვაქვს და ამისათვის უნდა დავაკვირდეთ დროს. იმან, თუ რა დრო გავიდა ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტიდან თქვენი პირველი სიმპტომების გამოვლენამდე, შესაძლოა გვიპასუხოს კითხვაზე, გრიპი გაქვთ თუ კოვიდი. საქმე იმაშია, რომ გრიპი თავს უფრო ადრე იჩენს, ვიდრე კოვიდი. ინფიცირებიდან 1-2 დღეში ადამიანს უკვე უვლინდება სიმპტომები მაშინ, როდესაც კოვიდის შემთხვევაში ეს ინტერვალი მინიმუმ 5 დღეა. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ კოვიდიც ვლინდება ინფიცირებიდან მეორე დღეს, მაგრამ ძირითადად ის თავს მინიმუმ 4-5 დღეში იჩენს. ამიტომ თუ ინფიცირებულთან კონტაქტიდან მეორე დღეს სიმპტომები გამოვლინდა, უფრო გრიპზე უნდა ვიფიქროთ, თუ სიმპტომებმა თავი უფრო გვიან, მე-5-6 დღეს იჩინა, კოვიდზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია სიმპტომების გამოვლენის ხანგრძლივობა. როგორც წესი, გრიპი და გაციება ადამიანს 4-5 დღეში გაუვლის, კოვიდი კი 10 დღეს და მეტ ხანსაც გრძელდება. ამასაც შეგვიძლია დავაკვირდეთ.

როგორც კოვიდის, ასევე გაციების და გრიპის რისკ-ჯგუფში არიან 65 წელს ზევით მყოფი ადამიანები, პაციენტები, ვისაც ასთმა, დიაბეტი ან გულის დაავადებები აწუხებს, ორსულები, გამოხატულად ჭარბწონიანები და ა.შ. ამ ადამიანებს მეტი ყურადღება სჭირდებათ, რადგან მეტი აქვთ რისკი, რომ რამე გართულდეს. ამიტომ ასეთ პაციენტებს სიფრთხილით უნდა დავაკვირდეთ და თუ მათ თავბრუსხვევა, კრუნჩხვები, შარდის შეკავება, მკერდის ძვლის მიდამოში ტკივილი, ქოშინი, სიცხის სწრაფი ვარდნა და მატება შეაწუხებთ, აუცილებლად დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს, როგორც კოვიდის, ასევე გრიპის და გაციების სახლის პირობებში მკურნალობა ერთნაირად ხდება.

ვიყენებთ სიცხის დამწევს, თუკი ტემპერატურა 38 გრადუსზე მეტია. არასდროს არ ვიყენებთ ამ დროს ასპირინს ან მის შემცველ მედიკამენტებს, მათ შორის ციტრამონს, მით უმეტეს ბავშვებში. ვიყენებთ მხოლოდ პარაცეტამოლს და იბუპროფენს. დოზებს შორის ინტერვალი 4-6 საათი უნდა იყოს.

თუ გრიპი მძიმე ფორმით ვლინდება, ანტივირუსული მედიკამენტები პირველ 48 საათში უნდა მივიღოთ, რადგან შემდეგ მათი ეფექტურობა იკლებს. ბევრი ადამიანი გაციების, გრიპის თუ კოვიდის დროს ლიმონიან ჩაის სვამს. თუმცა ასეთ დროს უმჯობესია თაფლიანი და ლიმონიანი გრილი წყალი მივიღოთ, რადგან C ვიტამინი 30 გრადუსზე იშლება და მდუღარე ჩაიში ფაქტობრივად აღარ არის. პაციენტებისათვის იმის მიუხედავად გრიპი აქვთ, კოვიდი თუ გაციებული არიან, რეკომენდებულია მოძრაობა და ბევრი სითხის მიღება. ყელის ტკივილის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ საწუწნი აბები, რომლებიც ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებს შეიცავენ, თუმცა ყელის ტკივილს კარგად უმკლავდება პარაცეტამოლიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g