LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გრიგალაშვილი: „იყო პერიოდი, როცა ფინანსურად გვიჭირდა, მაგრამ არც მე მიფიქრია და არც ჩემს მეუღლეს უთქვამს, – გიორგი, ხომ ხედავ, რომ ეს საქმე არ გამოგდის და იქნებ სიმღერას შეეშვაო…“

222
page

ანსამბლ „ურსას” ემოციური, სულში ჩამწვდომი სიმღერები საქართველოში ბევრს უყვარს, რადგან თითოეული ეს სიმღერა ქართულ ფესვზეა აღმოცენებული. ანსამბლის სოლისტი გიორგი გრიგალაშვილი თავის ცხოვრებაზე ჟურნალ „გზას“ ესაუბრება.

– როგორ მოხვდით ანსამბლ “ურსაში” და რას ნიშნავს თქვენთვის ეს ანსამბლი?

– ეროვნულ გამოცდებამდე, ჩემმა მასწავლებლებმა მთხოვეს, ერთ-ერთ სასწავლებლად ტექნიკური უნივერსიტეტი ჩამეწერა. ამის მიზეზი მარტივი იყო: ამ უნივერსიტეტში ხელოვნებას ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდნენ და ამიტომ, ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბევრი წარმატებული მომღერალი, მსახიობი გამოვიდა. მართლაც, 2009 წელს ჩავაბარე ამ უნივერსიტეტში, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე, სადაც ჩემი მომავალი კოლეგები – გიორგი ძოწენიძე და სხვები სწავლობდნენ. პირველი სემესტრის ბოლოს, ჩემმა კურსელმა მითხრა, რომ მისი ახლობელი უნივერსიტეტში ქართული სიმღერის ანსამბლს ქმნიდა და მირჩია, კასტინგზე მივსულიყავი. მართლაც, მეორე დღეს მივედი, დამახვედრეს ფანდური, რომელზეც დავუკარი, ვიმღერე და მაშინვე მითხრეს, – ხვალ დილით მოდი, უკვე ჩვენი ანსამბლის წევრი ხარო. ამის შემდეგ, დაახლოებით ათ დღეში გიორგი ძოწენიძეც შემოგვიერთდა. ორ კვირაში 15 სიმღერა მოვამზადეთ და სოლოკონცერტი გავმართეთ უნივერსიტეტის თეატრში, რომელიც დღემდე არსებობს და „მოდი-ნახე” ჰქვია. რა თქმა უნდა, ჩვენი ლექტორებიც გვესწრებოდნენ. კონცერტს დაესწრო გიორგი უშიკიშვილი, რომელიც მაშინ უკვე პოპულარული შემსრულებელი იყო. იმ დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს ჩემი გზა იყო, რომ ქართული სიმღერით უნდა მესულდგმულა…

– რა როლი შეასრულა თქვენს შემოქმედებით წინსვლაში ოჯახმა?

– დაოჯახებული ვარ. ჩემი მეუღლე, ნინო მჭედლიძე ჩემი უახლოესი მეგობარი და უსაყვარლესი ადამიანია. ის ნებისმიერ სიტუაციაში მხარს მიჭერდა. იყო პერიოდი, როცა ფინანსურად გვიჭირდა, მაგრამ არც მე მიფიქრია და არც ჩემს მეუღლეს უთქვამს, – გიორგი, ხომ ხედავ, რომ ეს საქმე არ გამოგდის და იქნებ სიმღერას შეეშვაო. პირიქით, ყოველთვის იმედს მისახავდა, მამხნევებდა. მისმა თანადგომამ და სიყვარულმა ძალიან დიდი როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში. საერთოდ, როცა ასეთ სფეროში ხარ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მეუღლე და ოჯახი რამდენად გიჭერს მხარს. ამ მხრივ ძალიან გამიმართლა! დღეს უკვე ორი გოგონას მამა ვარ: უფროსი, ელენე 10 წლისაა, ხოლო უმცროსი, ნიცა 5-ის. ორივე ცეკვაზე დამყავს. ელენე ძალიან ლამაზად ცეკვავს, მაგრამ ცოტა კომპლექსი აქვს, როცა ხალხს ხედავს. დარწმუნებული ვარ, ამ ხარვეზს ნელ-ნელა დაძლევს და რომ გაიზრდება, ყველაფერი კარგად გამოუვა. რაც შეეხება ნიცას, მას შეუძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში იმღეროს და იცეკვოს. თანაც, ეს ძალიან კარგად გამოსდის. ტიკ-ტოკზე მიდევს ვიდეო, სადაც ის საკმაოდ ლამაზად ასრულებს “სიყვარულის განდაგანას” და ამ ვიდეოს ძალიან ბევრი ნახვა აქვს. მიხარია, რომ ჯერ პატარაა, მაგრამ ნიჭი უკვე ეტყობა, საკმაოდ კარგი ხმა, სმენა და მონაცემები აქვს.

– თქვენი ანსამბლის წარმატების საიდუმლო რაში მდგომარეობს?

– ჩვენი ანსამბლის წარმატება რამდენიმე კრიტერიუმმა განსაზღვრა, მათგან რამდენიმეს ჩამოგითვლით: პირველი, რა თქმა უნდა, სიმღერის სიყვარულია, მეორე – შრომა და თავდადება, მაგრამ ყველაზე მთავარი ანსამბლის წევრებს შორის არსებული ურთიერთგაგება და პატივისცემაა. ანსამბლში სულ 5 კაცი ვართ და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს ერთი მთლიანი ოჯახია. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და იმდენად კარგად ვიცნობთ, თვალებში რომ შევხედავთ, უკვე ვიცით, რა გვინდა. შეიძლება ითქვას, ერთმანეთის უსიტყვოდაც გვესმის. ჩემი აზრით, ეს მარტო მუსიკას კი არა, ნებისმიერ სფეროს სჭირდება: თუ გუნდი შეკრული არ არის და მის წევრებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არa აქვთ, მათი ნებისმიერი ნაბიჯი წარუმატებელი იქნება. ამიტომ, ერთიანობა ნებისმიერ საქმეში აუცილებელია. ალბათ, სწორედ ეს ერთიანობა და ურთიერთპატივისცემაა მიზეზი იმისა, რომ ჩვენს ემოციას ხალხი სწორად აღიქვამს. მადლობა ღმერთს, ჩვენი მსმენელები სიყვარულით გვპასუხობენ და მათთან ურთიერთობაც კარგად გამოგვდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g