ტელეკომპანია ”მაესტროს” ადმინისტრაცია ლევან გაჩეჩილაძესთან თანამშრომლობისთვის მზად არის, თუმცა არა იმ შენობაში, სადაც ტელევიზია ახლა ფუნქციონირებს.
”შევეცდებით ხელი შევუწყოთ გაჩეჩილაძეს როგორც დირექტორს, თუმცა არა ამ შენობაში. ამ შენობაში მხოლოდ სტუმრად შეუძლია მოვიდეს გაჩეჩილაძე. ჩვენ მართვაში დავეხმარებით დისტანციურად” – განაცხადა ”მაესტროს” იურისტმა, გიორგი გვენეტაძემ.
გვენეტაძის განმარტებითვე, საიჯარო ვადა შპს ”სტუდია მაესტროს” 31 დეკემბერს ამოეწურა. ამის თაობაზე შენობის მესაკუთრემ ტელევიზიის ხელმძღვანელობას 8 დეკემბერს მიმართა და აცნობა, რომ აღარ აპირებდა ვადის გაგრძელებას.
”ამ ეტაპზე მაესტრო კეთილი ნების საფუძველზე ფუნქციონირებს. თუ ეს კეთილი ნება აღარ იქნება, შესაბამისად, მაესტროს აქ ყოფნა იქნება უკანონო” – განაცხადა ტელეკომპანიის იურისტმა.
გიორგი გვენეტაძის ინფორმაციითვე, მოგვიანებით გაავრცელებენ განცხადებას. ”შევეცდებით ხელი შევუწყოთ, არხის ახალ დირექტორს, რომ უფლებამოსილებები, როგორც დირექტორმა განახორცოელოს, მაგრამ არა ამ შენობაში. არსებობს სრული მზადყოფნა, რომ ნებისმიერ მისამართზე გამოცხადდეს ნებისმიერი თანამშრომელი, მათ შორის ყოფილი დირექტორი და დაიწყოს დოკუმენტაციის გადაბარების პროცესი” – დასძინა გიორგი გვენეტაძემ.
საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანია ”მაესტროს” დირექტორად დაარეგისტრირა.